“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიზანია მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობების აღმოჩენა”

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა და ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს მიესალმა.

“ჩვენთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, რომელიც წელს „სარტყელი და გზის“ სახელით იმართება. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ფორუმში მონაწილეობისთვის.

საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი ტოლერანტობით, თანამშრომლობით და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით. დღეს, მსოფლიო, ისევე, როგორც ევროპა და აზია, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის. საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა.

„დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის სახით იქნა წარმოდგენილი და ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს: მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი – საჭიროებს აქტიურ საჯარო თუ კერძო სექტორის დიალოგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონფერენციაც ამის კარგ შესაძლებლობას მოგვცემს.

საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს „აბრეშუმის გზის“ ფორუმს. ფორუმში მონაწილეობას იღებს 37 ქვეყნის დელეგაცია და ასევე, ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია. ფორუმისადმი ასეთი ინტერესი ცხადყოფს, რომ ეს ინიციატივა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მასში მონაწილე ქვეყნების, არამედ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მეტი მიღწევებით ვაჭრობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებით”, – განაცხადა პრემიერმა.