“თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდით სახელმწიფოც დაზარალდება და ბიზნესიც”

თბილისი (BPI) – ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ექსპერტი განმარტავს, რომ აქციზის გაზრდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ანტითამბაქოს კამპანიისთვის გამოიყენება, საქართველოს რეალობაში ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს.

“ბუნებრივია, ძალიან ბევრ ქვეყანაში აქციზი გამოყენებული იყო ანტითამბაქოს კამპანიისთვის. ეს იყო თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირების გარკვეული ინსტრუმენტი. ჩვენ ამ საკითხს ცოტა სხვანაირად ვუდგებით. არ მიგვაჩნია, რომ აქციზის მექანიკური გაზრდით თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდება. დასავლეთის ქვეყნებში აქციზის გადასახადის გაზრდა იყო დამატებითი ინსტრუმენტი იმისა, რომელმაც დამატებითი მენტალური ცვლილებები გამოიწვია. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, გარდა იმისა, რომ ვზრდით აქციზს და გვგონია, რომ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდება. ეს ასე არ მოხდება. თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირდება.

უბრალოდ, მომხმარებელი გარკვეულწილად დააკორექტირებს თავის სამომხმარებლო ჩვევას და სტრატეგიას და ძვირადღირებული თამბაქოს ნაცვლად გადავა იაფფასიანზე. რეალურად, თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირდება, მაგრამ გაუარესდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თამბაქო ისედაც მავნებელი და მომწამვლელია და უფრო დაბალფასიანი წარმოიდგინეთ, რა იქნება”, – განმარტავს “აიპრესთან” საუბრისას ლევან კალანდაძე.

რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც ბიუჯეტი აქციზის გაზრდის შედეგად მიიღებს, ექსპერტი ამბობს, რომ თავად ბიუჯეტისთვის მოკლევადიან პირობებში აქციზის ზრდას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ეფექტი, მაგრამ აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, უკვე საშუალო ვადიან პერიოდში თუ მომხმარებელმა დააკორექტირა სტრატეგია პროდუქტთან დაკავშირებით და დაბალფასიანი თამბაქო აირჩია, ეს გამოიწვევს კომპანიებისთვის შემოსავლის შემცირებას. ანუ, საშუალო დ გრძელვადიან პერიოდში სახელმწიფოც დაზარალდება და ბიზნესიც.

“კომპანიის შემოსავლის შემცირება ნიშნავს, რომ უკვე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შეიძლება, აქციზის სახით გადახდილი გადასახადები იყოს ნაკლები. ეს არ არის ერთჯერადი აქტი, 2016 წელს გაიზრდება და ამით დამთავრდება ეს ასე არ არის. მთავრობას აქვს დაახლოებით 5 წლიანი სტრატეგია და ამ ხუთი წლის განმავლობაში აქციზი პერმანენტულად გაიზრდება. მგონია, რომ მხოლოდ ეს მექანიკური ცვლილება რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. ეს უნდა იყოს რაღაც ერთიანი კონცეფციის შემადგენელი ნაწილი. ერთიანი კონცეფცია კი ჩვენ ნამდვილად გვაკლია. ის, რომ მხოლოდ სიგარეტის გაძვირებით ვაიძულოთ ადამიანები, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებონ და ამავდროულად გვინდა, რომ ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მე ეს არათავსებადი პრინციპი მგონია”, – განმარტავს ლევან კალანდაძე.

სამთავრობო და ბიზნეს წრეებში უკვე საუბრობენ, რომ მთავრობამ ლუდზე აქციზის გაზრდით მოკლევადიან პერსპექტივაშიც ვერ მიიღო შედეგი. ამასთან დაკავშირებით ლევან კალანდაძე აღნიშნავს:

“ლუდზე მგონი, პირიქით, შეუმცირდებათ აქციზი. 2016 წლიდან გამოჩნდება ლუდის, ასე ვთქვათ, ნეგატიური თემა. ასეა ალკოჰოლთან დაკავშირებით. ის, ვინც მოიხმარს 10 ლარიან არაყს, ის გადავა 8 ლარიან არაყზე. რა თქმა უნდა, 10 ლარიანტა შედარებით 8 ლარიანი არის დაბალფასიანი, მაგრამ ამავდროულად ნაკლებ ხარისხიანი. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება სახელმწიფოს უკვე სხვა მხრიდან დაუჯდება ძვირი. ანუ, ჩვენ გაგვეზრდება სხვა ხარჯები, რომელიც დაჭირდება ადამიანების ჯანმრთელობის რეაბილიტაციის უზრუნველყოფის პროგრამებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოკლევადიან პერიოდში აქციზის გაზრდით შეიძლება, სახელმწიფომ მიიღოს ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესუსტდება და ამით დანახარჯები ბევრად გაიზრდება. შესაბამისად, უნდა არსებობდეს სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამ კონცეფციაში ყველა სამინისტროს უნდა ჰქონდეს გარკვეული პასუხისმგებლობა, როლი და გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს ერთიანად. როდესაც დადგება აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის ხარჯებმა უნდა აიწიოს მერე იკითხავენ რატომო. საფუძველს კი აღარავინ აღარ მოძებნის”, – განმარტავს ლევან კალანდაძე.

 ipress.ge