სოსო ცისკარიშვილი: კანონმდებლობაში ცვლილების გარეშე მედიკამენტების გაძვირება გარდაუვალია

თბილისი (BPI) – ფანასკერტელის აახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ  არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმასთან ერთად, აპრილის თვის კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა გვიჩვენებს, რომ  აპრილში ფანასკერტელის ინდექსი უმნიშვნელოდ, 0,3 პუნქტით არის შემცირებული და 11,7 პუნქტს შეადგენს. ჯამში 16 მედიკამენტზე ფასი შემცირებულია, ხოლო 5-ზე – გაზრდილი. დანარჩენ მედიკამენტებზე ფასები უცვლელია. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე, შედარდა მარტის თვის მონაცემებს. მედიკამენტების ფასებზე დაკვირვება   გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მას შემდეგ ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნებულია.  საინტერესოა, რა ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ტენდენცია და სამომავლოდ რა პროგნოზს ვარაუდობენ ექსპერტები ფარმაცევტულ ბაზარზე.  დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი ფასის კლების ტენდენციას ბაზარზე ახალი კონკურენტის გამოჩენას უკავშირებს:

“როგორც წესი, როდესაც იწყება  ხოლმე მედიკამენტებზე ფასის კლება, ფარმაცევტულ ქსელებსა და კომპანიებს შორის ჩნდება  ახალი კონკურენტის გამოჩენის მოლოდინი. ამის მცდელობა საქართველოში უკვე არსებობს. სრულიად მკაფიოდ ვხედავთ, რომ გამოჩნდა ახალი ფარმაცევტული კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯია“. ფაქტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე გარკვეული ჯგუფის პრეპარატებზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნებულია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა, კვლავ უწინდებურ რეალობას დავუბრუნდებით. ჰუმანითი ჯორჯიამ უკვე დააგვიანა რამდენიმე ასეული ახალი მედიკამენტის შემოტანა ქართულ ბაზარზე. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათი წამლები გაცილებით იაფად გაიყიდებოდა. ბაზარზე ჯერჯერობით არ ჩანს მათი ახალი მედიკამენტები და თუ ეს რეალობა არ შეიცვლება, დიდი ალბათობით წამლები ისევ გაძვირდება“, – აცხადებს ცისკარიშვილი.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა  დამკვიდრდეს ინგლისის პრაქტიკა:

ინგლისში საკმაოდ კარგი პრაქტიკა მოქმედებს. თუ აფთიაქში იყიდება თვითღირებულებაზე 21%–ით მეტი ღირებულების მედიკამენტები, მათ სახელმწიფო სამსახური ამოიღებს და გადასცემს ხოლმე კლინიკებს. ვიდრე ასეთი კანონი არ დაიწერება საქართველოში, ჩვენი ფეოდალი ფარმაცევტული კომპანიები ისევ განაგრძობენ მედიკამენტებზე ფასის ზრდას და კვლავ მივიღებთ შედეგს, რომელიც საზოგადოებას არ დააკმაყოფილებს“, – აღნიშნავს ცისკარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, აფბამ და არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმამ 2015 წლის ნოემბერში ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვება დაიწყეს. მედიკამენტებზე არსებული ფასები მუდმივად არის მსჯელობის საგანი, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეკონომიკური ინდექსი – სახელად ფანასკერტელის ინდექსი, რაც შესაძლებლობას იძლევა მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნადი კონკრეტული ჯგუფების ფასებზე დაკვირვებით გავიგოთ, თუ როგორ იცვლება ფასები ფარმაცევტულ ბაზარზე.