სოფლის მეურნეობაში ფინანსები იკლებს

თბილისი (BPI) – 2017 წელს გასული წლებისგან განსხვავებით, სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის დაფინანსება შეამცირა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება, დაახლოებით, 83 მლნ ლარით შემცირდა. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა შემცირებულია 75 მლნ 430 ათასი ლარით, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა – 3 მლნ 930 ათასი ლარით, მევენახეობა – მეღვინეობის განვითარება – 450 ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება – 3 მლნ 400 ათასი ლარით.

ამის პარალელურად ხელიუსფლების განცხადებით წელს ყურძნის რამდენიმე ჯიშზე სუბსიდირება აღარ იქნება, ამასთან ბრენდული წარმოების წახალისების მიზნით იგეგმება ბიუჯეტიდან გარკვეული თანხების გაცემა. თუმცა რამდენად შეძლებს მთავრობა ამ პოზიციის შენარჩუნებას ამას შემოდგომის ბოლოს ვნახავთ. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წლებში ცდილობდა ხელისუფლება სუბსიდიაზე უარის თქმას, თუმცა რთველის დროს წარმოქმნილი პროტესტის გამო დათმობებზე უწევდა წასვლა.

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2017 წლის რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობას ახლებური მიდგომა ექნება, რის საფუძველსაც მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობა იძლევა.

“ბოლო წლების ღვინის ექსპორტის ტენდენცია მზარდია და მეღვინეობის დარგის მიმართულებით კონიუქტურა ძალიან გაჯანსაღებულია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რთველის პროცესი ჩაივლის ორგანიზებულად და კერძო სექტორის მხრიდან იქნება დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის გადამუშავების ნაწილში სუბსიდია საჭირო აღარ იქნება ძირითად ინდუსტრიულ ჯიშებზე როგორც საფერავზე, ისე რქაწითელსა და კახურ მწვანეზე“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს ბრენდის წარმოების ხელშეწყობას სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებით.

“ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი და შესაბამისად წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული და გვექნება კომპენსაცია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აწარმოებენ ბრენდს და ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, ისინი მიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან 35 თეთრს, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პროცესში ჩასართავად. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დარგის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული სიახლეები იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც.

„დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები ღვინის სპეციფიკაციაში, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვაას, რომ 2019 წლისთვის დაიჭრონ თადარიგი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სახელმწიფო ფინანსების კლების პარალელურად მცირდება კერძო ინვესტიციების რიცხვიც, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში იდება. საქსტატის ცნობით, სოფლის მეურნეობაში 2017 წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიცია (FDI) არ განხორციელებულა. ცნობისათვის, 2016 წელს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10 მილიონ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არასდროს ყოფილა მიმზიდველი დარგი. თუმცა სამი თვის მანძლიზე 0 ლარის FDI-ის შესახებ ინფორმაცია იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვაზე ჩანაწერის გაკეთება გადაწყვიტა.

საყურადღებოა, რომ 2007-2016 წლებში საქართველოში განხორციელებული 12,9 მლრდ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან, ყველაზე მეტი 3,155 მლრდ. (მთელი FDI-ის 24%)  ტრანსპორტსა და კავშრგაბულობაში ჩაიდო, ხოლო ყველაზე ცოტა სოფლის მეურნეობაში 134 მილიონი (მთელი FDI-ის 1%) განხორციელდა.

თუ მშპ-ს ზრდის სტრუქტურას ჩავხედავთ აღმოჩნდება, რომ ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით საფინანსო სექტორი გამოირჩევა. 2006-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 4,4%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო სფეროზე („ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება“ + „საფინანსო საქმიანობა“)  მოდის.  საფინანსო სფერო წლიურად საშუალოდ 25%-ით იზრდებოდა. რაც შეეხება გასული 10 წლის მანძილზე ყველაზე ნაკლებად ზრდად სფეროებს, მათ შორის დიდი დისტანციით სოფლის მეურნეობა ლიდერობს, რომლის წლიური ზრდის ტემპი 1%-საც კი ვერ აღწევს. ასე მაგალითად, 2006-2016 წლებში „სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა“ წლიურად საშუალოდ 0,7%-ით იზრდებოდა.

FDI-ის კლების მიუხედავად მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ დარგის მიმართ. „სოფლის მეურნეობა არის კონსერვატული დარგი და საერთაშორისო ინვესტიციები არაფრის მაჩვენებელი არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციებს შეეხებოდა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების მანძილზე სახელმწიფოს ხელშეწყობითა და კერძო ინვესტიციების მობილიზებით, სოფლის მეურნეობაში მილიარდზე მეტი თანხის მობილიზება მოხდა.

“არსებული ტენდენცია არის ძალიან დადებითი, ამის მაჩვენებელია ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ფასი გაზრდილია. პირველადი ფერმერების საქმიანობა საკუთრ მიწასთანაა მიბმული და როგორც წესი ფერმერი უცხოურ ინვესტიციას არ ახდენს. საქართველოში, სადაც მიწას განსაკუთრებული ღირებულება აქვს, გვაქვს მრავალფეროვანი კლიმატი არის ქართველი მეურნესთვის განკუთვნილი, ამიტომ ჩვენი პროგრამები შიდა ინვესტიციებზეა მიმართული”, – განაცხადა დავითაშვილმა.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სოფლის მეურნეობაში სახელმწიფომ თანხების ხარჯვა შეამცირა და უცხოურმა ინვესტიციებმაც იკლო, ამ სექტორის ზრდა კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვა. საყურადღებოა, რომ დღეს მთელი დასაქმებული მოსახლეობის 48% სწორედ სოფლის მეურნეობის სფეროშია ჩართული. შესაბამისად, ამ მიმართულების არსებული პრობლემები მოსახლეობის ყველაზე დიდ ფენას ეხება.

მერაბ ჯანიაშვილი