სიღნაღში ზეთისხილის მოსავლის აღება დაიწყო

თბილისი (BPI) – სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღება დაიწყო.

სოფელ საქობოში ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა.

საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია.

მოსავლის აღებისა და გადამუშავების საწარმოო პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გაეცნო. მინისტრმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მისი პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან ძალიან მოთხოვნადია პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. ასეთი პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის დარგის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში, მევენახეობის პარალელურად, ზეთისხილის პლანტაციების გაშენებაზე ადგილობრივი მეწარმეების მხრიდან დაინტერესების არსებობაზე აღნიშნა. თქვა, რომ კახეთში ეს დარგი აქტიურად ვითარდება და დაახლოებით 200 ჰა-ზე ზეთისხილის ბაღებში უკვე მოსავალია.