შშმ პირებზე პარკირების საცნობი ახალი ნიშნები გაიცემა

თბილისი (BPI) – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პარკირების საცნობი ახალი ნიშნები ექნებათ. ახალი ნიშნების გაცემა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა უკვე დაიწყო.

როგორც საქალაქო სამსახურში ამბობენ, შშმ პირები ახალ სტიკერებს მარტივი და მოსახერხებელი სისტემით მიიღებენ. ამიერიდან სტიკერები უშუალოდ შშმ პირებს გადაეცემათ. მათ ყოველი მგზავრობისას შეეძლებათ სტიკერი განათავსონ იმ ავტომობილზე, რომლითაც ისარგებლებენ.

ახალი ნიშნის მისაღებად შშმ პირებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შეიძლება წარადგინონ.

ტრანსპორტის სამსახური ახალ სტიკერს საბუთების იდენტიფიკაციისთანავე გასცემს. სრულწლოვანი შშმ პირები საცნობ ნიშნებს 3-წლიანი ვადით მიიღებენ, ხოლო არასრულწლოვანი – 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ადრე პარკირების სტიკერი შშმ პირსა ან მათ მეურვეებზე რეგისტრირებულ ავტომობილზე გაიცემოდა. შესაბამისად, სხვა ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში, ისინი შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით ვერ სარგებლობდნენ. გასული წლის ბოლოს თბილისის საკრებულომ პარკირების ახალი წესი მიიღო, რომლითაც შშმ პირებისთვის საცნობი ნიშნების გაცემის პროცედურა დაიხვეწა.