დავით შანი მსმენელის წინაშე მასშტაბური სოლო პროექტით წარსდგა

თბილისი (BPI) – დავით შანის სოლო პროექტი ქართული მუსიკის სიძლიერის წარმოსაჩენად

3 წლის ასაკში პოლიფონიით დაწყებული მუსიკალური ცხოვრება ეთნო ჯაზმა და არტ როკმა შეცვალა. ახლა კი დავით შანი (დავით შანიძე) “შინისა” და “ეგარის” შემდეგ მასშტაბური სოლო პროექტით გვევილინება.

ქართულ ეთნოსს თანამედროვე დეტალები დაუმატა და ქართული მუსიკის ემოცია და ჰარმონია ჯაზისა და არტ როკის კომპოზიციებში გაშალა. პროექტის მთავარი  მიზანი ქართული მუსიკის სიძლიერისა და ხარისხიანობის წარმოჩენაა. მუსიკოსის საქმიანობის მთავარი იდეაც სწორედ თვითმყოფადობის შენარჩუნებაა.

– დღეს ქართული მუსიკის ვოკალი და შესაძლებლობები სერიოზულად არ აღიქმება. თითქოს გვგონია, რომ სხვისია კარგი და ჩვენ არაფერი ვიცით. ასე არ არის. ჩემი პროექტის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ხარისხიანი და ძლიერი მუსიკა გვაქვს. ჩვენ მსოფლიოს თვითმყოფადი საქმით ვჭირდებით. ჩვენგან არ ელიან იმის მოსმენას, რაც მათ უკვე აქვთ. თუ გვინდა ნამდვილი საქმე გამოგვივიდეს, ის უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენია. ჩვენივე მუსიკა შეგვიძლია დავამუშაოთ თანამედროვე ხერხებით და ამაში ცუდი არაფერია.

– დათო, რატომ შეარჩიეთ ჯაზისა და არტ როკის ელემენტები?

– ქართული მუსიკის წარმოჩენა როცა მინდა, თან ისე, რომ ემოციაც გადმოვცე და ჰარმონიულობაც არ დავარღვიო, ჩემთვის ეს მიმდინარეობა აღმოჩნდა ყველაზე ახლოს. მე ასე ვხედავ ქართულ მუსიკას და ამ მიმართულებით გადმოვცემ ყველაზე სწორად.

– ძალიან ემოციურია თქვენი შესრულება და მსმენელიც კარგად გრძნობს თითოეული ნაწარმოების სათქმელს. რა არის მუსიკა თქვენვის?

– მუსიკა არის არამატერიალური საგანი, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს სულის შრეებში. მუსიკა არის მთლიანად ჩემი მე, ჩემი ცხოვრება, ჩემი დაღუპვაც და გადარჩენაც.