შაუმიანში ფერმერმა აგროტექნიკის შესაძენად დაფინანსება მიიღო

თბილისი (BPI) – შაუმიანში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად დაფინანსება მიიღო.

შალვა ბოსიკაშვილს მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში 3 ჰა მიწის ფართობზე მეურნეობა აქვს. მან „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ახალი ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 14 720 ლარის დაფინანსება მიიღო.

ფერმერს მიწის ფართობზე მაყვლის ბაღი აქვს გაშენებული. 

როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში ამბობენ, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“  სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით:

• პირველადი წარმოების კომპონენტი – ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.
• გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი – მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.