სესხის მახეში – მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეთავაზებები

თბილისი (BPI) – მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საფინანსო სისტემის ნაწილია. ისინი ემსახურებიან შედარებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობის ნაწილს, რომელთაც საბანკო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკებთან შედარებით მცირე, მოცულობის სესხებს გასცემენ და აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდებაც „მიკრო“.  ადრეული პერიოდიდან მიკროსაფინანსოები “სამოძრაო ფულისთვის” გაიხსნა. მექანიზმი დაახლოებით ასეთია, დავუშვათ დილას ისესხე 100 ლარი და საღამოს ამ თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა გაქვს. ამ ტიპის სესხი ძირითადად მორგებული იყო მცირე მეწარმეებზე, რომლებიც ფულს რამდენიმე დღით სესხულობდნენ და მზად იყვენენ მოგებიდან მიღებული თანხიდან 200 ლარიც კი დაებურნებინათ უკან.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე  საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, 1999 წლისთვის ქვეყანაში მხოლოდ 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, დღესდღეისობით კი მათი რაოდენობა 71-მდეა, მათგან 70%-ზე მეტი თბილისშია რეგისტრირებული. კანონის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია ეროვნულ ბანკში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საქმიანობა გარკვეულწილად შეზღუდული აქვს, მათი შეზღუდვა კი ის არის, რომ 50 000 ლარზე მეტ თანხას ვერ გასცემენ. მათ ზედამხედველობას არ უწევს ეროვნული ბანკი, ის მხოლოდ მათ რეგისტრაციას ახორციელებს. მიკროსაფინანსოს გასახსნელად საჭიროა ანგარიშზე გქონდეთ 250 000 ლარი. საწესდებო კაპიტალი  კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონებაა და ეს საქმიანობის ერთგვარი  გარანტია. მათ საქმიანობაში შედის, მიკროსესხების, მათ შორის სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების გაცემა, ფულადი გზავნილების განხორციელება და ამ ფინანსურ მომსახურებებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული  სხვა ოპერაციები.

მიკროსაფინანსოები სესხს ყოველთვის უფრო მაღალ პროცენტში გასცემენ, ვიდრე კომერციული ბანკები ასევე მათ ერთმანეთისგან ის განასხვავებს, რომ მომხმარებელი პროცენტის სახით მხოლოდ ფიქსირებულ პროცენტს იხდის და არა კლებადს.  მაღალი საპროცენო განაკვეთი კი გაპრობლემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ფაქტია, რომ მიკროსაფინანსოები, ერთი მხრივ ბიზნესის განვითარებისთვის კარგია, მაგრამ ისინი ძირითადად სესხებს დაბალშემოსავლიან ადამიანებზე გასცემენ და ამიტომ მაღალია გაპრობლემების შემთხვევები. სესხის მიღების შანსი აქვთ მათაც, ვინც ბანკისგან სესხის გაცემაზე უარი მიიღო, ან უფრო მეტიც, „შავ სიაში’’ არიან და ერთგვარად „ურჩ გადამხდელებსაც“ მიეკუთვნებიან. ხშირ შემთხვევაში  ისინი მათ საბანკო ისტორიებს და შემოსავლებს არ ამოწმებენ და „ზეპირი ფორმით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემენ სესხებს. მათთვის მთავარია უზრუნველყოფაში ჩაიდოს რამე სხვა ღირებული ნივთი – ავტომობილი, უძრავი ქონება… ძირითადად ისინი ჩადებულ ქონებას შეაფასებენ და ღირებულების 50%-ს სესხად გასცემენ. მაგალითად თუ 20 000$-იან მანქანას ჩადებთ სესხის უფრუნველყოფად, მიკროსაფინანსოები 10 000 დოლარის სესხს მოგცემენ. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2%, რომელსაც ისინი აცხადებენ სესხის პროცენტად ყოველთვიური განაკვეთია, რაც ხშირად მომხმარებლი მისაზიდი ერთგვარი ხრიკია. რეალურად თუ ვემსჯელებთ თუ სესხი გამოგვაქვს ერთი წლით ჩვენი საპროცენტო წლიური განაკვეთი იქნება მინიმუმ 24%, რომელიც წელიწადში შესაძლოა 36%-საც კი აღწევდეს.

უმეტესი მიროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოტანილი სესხის დროს იფარება მხოლოდ  დარიცხული პროცენტი და საწყისი თანხა ამ შემთხვევაში არ იფარება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ბაზარზე ახალი შეთავაზებაც გამოიტანა, რომლის თანახმად საწყისი თანხაც იფარება, თუმცა ასეთ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი გაცილებით უფრო მაღალია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები 2015 წელს 31,3%-ით გაიზარდა, 2014 წელს კი 36% -ით. სასესხო პორტფელმა 2015 წელს 1,2 მლრდ ლარს მიაღწია (2014 წ – 852 მლნ ლარი). წლიური ზრდა კი 41%-ია. ორგანიზაციების ჯამურმა  კაპიტალმა 364  მლნ ლარს გადააჭარბა. ზრდაა 34,3% -ია, 2014 წ – 271 მლნ, 2013 წ – 203 მლნ .

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ კვლევის მიხედვით, კრედიტორების მიერ დასაკუთრებული ქონების 27,4% (387 შემთხვევა) კომერციულ ბანკებზე მოდის, 225 შემთხვევაში კი კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, რაც ჟამში 16%-ია.       

მიკროსაფინანსო  ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება

(წყარო ეროვნული ბანკი)

საბანკო პროდუქტების ექსპერტის, ანი ალიბეგაშვილს თქმით, მიკროსაფინანოსების მთლიანი აქტივი 2015 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით 1,6 მლრდ-ს აღემატებოდა, გაუნაწილებელი მოგება 280 მილიონზე მეტი იყო. „მიკროსაფინანსოს შეზღუდვა არის, ის რომ მათ მხოლოდ 50 000 ლარის დაკრედიტება შეუძლიათ, არ კონტროლდება მომხმარებლის ფინანსური მხარე მათი შემოსავლის შესწავლა არ ხდება რაც საშუალებას აძლევს მსურველს, რომ სხვადასხვა პირების ჩართულობით მოახდინოს მისთვის სასურველი თანხის მიღება.“

მისი თქმით, საზოგადოება და ბანკებმა“ ჩამოაყალიბა გარკვეული რეკომენდაციები მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით:

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე დაწესდეს საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი.
  • კროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე სავალდებულო წესით დაწესდეს ე.წ ანუიტეტური გადახდის გრაფიკი, სადაც ყოველთვიურ შენატანში გათვალისწინებული იქნება როგორც საპროცენტო სარგებელი ასევე სესხის ძირიც.
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მოხდეს სესხის მოცულობის ლიმიტების განსაზღვრა.
  • დაწესდეს მკაცრი კონტროლი და გარკვეული შეზღუდვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ თამასუქებზე (მაქსიმალური ვადიანობის, ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის და სხვა პირობების განსაზღვრა)
  • მოხდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხების გაცემის დროს რისკების შეფასების სისტემის სრულყოფა და გამკაცრება.

მიკროსაფინანსოების გამოკითხულ მომხმარებელთა 21%-მა სესხის დასაფარად კვების ხარჯები შეამცირა. კვლევა ჩაატარა Smart Campaign-ის და Bankable Frontier Associates (BFA)-მა. გამოკითხულთა თანახმად  39% “ძნელად” ან “ძალიან ძნელად” მიიჩნევს სესხის დაფარვას. ამასთან, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია (49%) მათ შორის, ვისაც სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული. კვლევა, რომლის ფარგლებში 2015 წლის მარტიდან ივლისამდე 1000 ადამიანი გამოიკითხა, მომხმარებლებსა და მიკროსაფინანსოების ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. პროექტის ავტორების ინტერესის ერთ-ერთი საგანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტების გადახდისუნარიანობა იყო.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, რესპონდენტები ხშირად აცხადებდნენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის დასაფარავად მიმართავდნენ რადიკალურ ზომებს – მათ შორის, დამატებითი სესხის აღებასაც: გამოკითხულთა 37%-მა, სულ მცირე, ერთხელ მაინც აიღო კრედიტი მიკროსაფინანსოში სესხის დასაფარავად.გარდა ამისა, რესპონდენტების 21%-მა განაცხადა, რომ სესხის დასაფარად საჭირო თანხის დასაზოგად კვების ხარჯები შეამცირეს. ამ შედეგებიდან გამომდინარე, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ფინანსური სერვისების პროვაიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ აგრესიული გაყიდვებისა და მარკეტინგის პრაქტიკის პრობლემას მაშინ, როცა საქართველოში მიკროფინანსები კვლავაც განაგრძობს განვითარებას.

“შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კლიენტთა 37%-ს სხვა სესხის დასაფარავად აქვს ფული ნასესხები. გაყიდვის აგრესიულმა პრაქტიკამ მისო-ს ზოგ კლიენტს შეიძლება დიდი დავალიანების დაგროვებისკენ უბიძგოს. მარეგულირებლებმა თვალყური უნდა ადევნონ, რომ დამატებითი სესხისა და წინასწარდამტკიცებული საკრედიტო ბარათების შეთავაზება, მომხმარებლის კრედიტუნარიანობის გადამოწმების გარეშე არ განხორციელდეს. გარდა ამისა, სატელეფონო ზარები და ვიზიტები, ზოგ შემთხვევაშ შეიძლება აგრესიული გაყიდვების პრაქტიკას შეიცავდეს. მარეგულირებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგ კლიენტს აღიზიანებს კრედიტის ტექსტური შეთავაზებების რაოდენობა და სიხშირე”, – ნათქვამია ანგარიშში.

დიდი და წარმატებული მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ღარიბების ხელშეწყობისათვის იქმნებოდა, როგორც წესი არ იყო წარმატებული ბიზნესის კუთხით. უფრო ხშირად საქველმოქმედო ფუნქცია ჰქონდა ვიდრე მოგებაზე იყო გათვლილი, ჩვენს ქვეყანაში კი პირიქითაა ის საუკეთესო ბიზნესია, რომელიც მომხმარებელს აზარალებს და როგორც ჩანს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საკმაოდ მზარდი სექტორია. ერთი მხრივ კარგია  ბიზნესის განვითარება, მაგრამ მეორე მხრივ საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების არასათანადო დონის გათვალისწინებით, ეს გარკვეულ რისკებს მოიცავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გამკაცრდეს მიკროსაფინანსოების კონტროლი, დაწესდეს გარკვეული რეგულაციები, რათა სესხის გაცემა მოხდეს შეღავათიან პროცენტებში და რაც მთავარია პირობები მორგებული იყოს მომხმარებელზე, რომ მან შეძლოს გარკვეულ ვადებში გამოტანილი თანხის დაფარვა.

მით უმეტეს, რომ მომხმარებელი ხშირად აწერს ისეთ ხელშეკრულებაზე ხელს, რომელიც მას არ წაუკითხავს, ან მეტიც ისეთი ფინანური ენით წერია, რომ მას უჭირს შინაარსის გამოტანა. ამ სექტორის მომხმარებლები ისეთ კონტიგენტს წარმადგენენ, რომელთაც ბანკებმა სესხზე უარი უთხრეს. ასეთი მომხმარებლები ვერ ათვითცნობიერებენ სესხის მიზნობრიობას და მნიშვნელობას,რის გამოც ხშირია შემთხვევები, როდესაც სესხის ვერ დაფარვის შემთხვევაში მათ მიერ უზრუნველყოფა  ჩადებული უძრავი თუ მოძრავი ქონების იძულებითი ჩამორთმევა ხდება. ამიტომაც საჭიროა მომხმარებლებმა იცოდნენ თუ როგორი ხერხებით ცდილობენ ისინი მათ ჩათრევას და თუკი მაინც გადაწყეტთ მიკროსაფინანსოდან სესხის გამოტანას ხელშეკრულების პირობებს აუცილებლად უნდა გადახედოთ!

ლაშა ომიაძე, თეონა ჟონჟოლაძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …