სებ-ი ბანკების ფინანსური მაჩვენებლებზე უფრო დეტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ უფრო დეტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, დეტალური მონაცემების გამოქვეყნება კიდევ უფრო მეტ გამჭირვალობას ემსახურება და ეროვნული ბანკი მზადაა გააფართოვოს გამოქვეყნებული მონაცემების წრე, მათი დეტალიზაციის გზით.

“დღეიდან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოს უფრო დეტალური მონაცემები კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ (ცხრილი M3.4).

უფრო კონკრეტულად, კომერციული ბანკების “სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიდან” და “სხვა არასაპროცენტო ხარჯებიდან” ცალკე გამოიყო მუხლი “სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი”, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღოს კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების (ჯამურად ბალანსის მუხლების გადაფასებით გამოწვეული წმინდა შემოსავლის/ხარჯის) შესახებ. ასევე, მუხლიდან “საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან” ცალკე გამოიყო “სესხებსა და სხვა აქტივებზე დარიცხული შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან”. გარდა აღნიშნულისა, ამიერიდან ზემოაღნიშნული ცხრილის მონაცემები გამოქვეყნდება საანგარიშო თვეების მიხედვით და არა ნაზარდი ჯამით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლისათვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას”, – ნათქვამია განცხადებაში.