სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა

თბილისი (BPI) – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები გაიხსნა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მინანქრისა და კერამიკის სახელოსნოები, N14 დაწესებულებაში კი კერამიკის სახელოსნო გაიხსნა. დაწესებულებაში სახელოსნოებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო, რომელიც საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

სამინისტროში ამბობენ, რომ სახელოსნოებში მსჯავრდებულები ახალ პროფესიას დაეუფლებიან, შეისწავლიან მინანქრისა და კერამიკის დამუშავებას. დაწესებულებაში შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები მათ საზოგადოებაში სწრაფ რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

პენიტენციურ დაწესებულებებში კერამიკისა და მინანქრის შემსწავლელი კურსის გავლას 200-მდე მსჯავრდებული შეძლებს. პროექტი ორწელიწადნახევარი გრძელდება და ის ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

მინანქრის სახელოსნო, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „Hilfswerk Austria International” და მისი ქართულ პარტნიორ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ ხელშეწყობით შეიქმნა. კერამიკის სახელოსნოს მოწყობასა და მსჯავრდებულებისთვის კერამიკის შემსწავლელი კურსების ჩატარებას არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვისა“ და სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ უზრუნველყოფს.