სარფის საბაჟოზე რიგები თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტრო სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით მუშაობაზე აცხადებს, თუმცა განმარტავს თურქეთის მხრიდან მგზავრთა რიგების შესახებ.

“თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში, შეფერხებებით, რამაც უკანასკნელი საათების განმავლობაში გამოიწვია დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებისა და მგზავრების რიგის ფორმირება თურქეთის მხარეს”, – განმარტებულია განცხადებაში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე – შემოსვლა).

“შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი „LIVE კამერა“, http://www.rs.ge/6183 აღნიშნული სერვისის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, მათ შორის, სგპ სარფში არსებულ ვითარებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო- გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებით და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები”, – ნატქვამია განცხადებაში.