საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, – მონაცემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს უნივერსიტეტების საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციებში მონაწილეობა. ამ მიზნით განათლების სამინისტრომ დაიწყო პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“ და პროექტის ფარგლებში წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ.

სამინისტროს ცნობით, პროექტის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე საქართველო, როგორც ქვეყანა, ბევრი უცხოელისთვის აღმოჩენა იყო. დღეს უკვე საგრძნობლადაა გაზრდილი ჩვენი ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა. გამოფენებში საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობამ ნათლად აჩვენა, რომ აუცილებელია ანალოგიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა, ეს არის საუკეთესო საშუალება უცხოელი სტუდენტებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის.

პროექტის ფარგლებში, ქართულმა უნივერსიტეტებმა, ხუთ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. ყოველ მორიგ კონფერენციაში მონაწილეობით საქართველო ახალ საგანმანათლებლო ბაზარზე გადის, მეტი უცხოელი პოტენციური სტუდენტი ინტერესდება საქართველოში სწავლით. გაიზარდა ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით დაინტერესებულ აგენტთა რიცხვი და საქართველოს უნივერსიტეტები უკვე აგენტების გამაერთიანებელ მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიებთან თანამშრომლობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამუშაოები მიმდინარეობს ჩამოსული სტუდენტებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებისა და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოში ყველა ეროვნებისა და ქვეყნის ადამიანი თავს დაცულად გრძნობს და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლონიის პროცესში ჩართულ ევროპის 47 ქვეყანას შორის ერთ-ერთია, აქ მიღებული განათლებით, უცხოელი კურსდამთავრებულები ევროპაში კარიერას წარმატებით აგრძელებენ.