საქართველოში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთი ლიდერობს

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთი ლიდერობს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი იმპორტიორი ნოემბრის მაჩვენებლების მიხედვით რუსეთია. რუსეთზე მოდის ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 31,9% ანუ 30,4  ათასიტონა.

მეორე ადგილზეა რუმინეთი, საიდანაც იმპორტირებულია 25,1 ათასი ტონა (26,3%) საწვავი,  აზერბაიჯანი  – 21,0 ათასი ტონა (22%),  ბულგარეთი  – 6,5 ათასი ტონა (6,8%), საბერძნეთი –  6,4 ათასი ტონა (6,7%), თურქმენეთი – 6,0 ათასი ტონა (6,3%).

რაც შეეხება იმპორტირებული საწვავის კატეგორიებს, ნოემბრის სტატისტიკით ლიდერობს: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 33,2  ათასი ტონა ანუ 69,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 12,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 1,4 ათასი ტონა ანუ 2,9%.

დიზელის საწვავის იმპორტის კატეგორიებში 100%-ით გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. %-ია, ანუ 47,9 ათასი ტონა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 1,7 ათასი ტონით, 95,4 ათასი ტონამდე შემცირდა.