საქართველოში პირველად პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება ჩატარდება

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში, პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების კონკურსს გამოაცხადებს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

მონაწილეებს მიესალმებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება წარმოადგენს ღია კონკურსს, სადაც გამოვლინდებიან პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და სპეციალური პრიზებით.

პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოების მიზანია პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება, მისი მნიშვნელობისა და პრესტიჟის აღიარება, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე ინდივიდებში.

დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა ატვირთულია დაჯილდოების ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 6 ოქტომბერი. კანდიდატებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოცხადდება პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც გაიმართება  2017 წლის 31 ოქტომბერს.