საქართველო კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მეორე ადგილზეა

თბილისი (BPI) – საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-2 პოზიცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის კი, 1-ლი ადგილი დაიკავა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო არის ის გამონაკლისი, რომელსაც არცერთ თემატურ მიმართულებაში არ მიუღია ნულოვანი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ერთიან და კომპლექსურ მიდგომას კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

ინდექსი სახელმწიფოების მიერ კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით აფასებს.
შეფასებული თემატური მიმართულებებიდან საქართველომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა 5 მათგანში:

· კიბერუსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობა
· ეროვნული დონის კიბერშეტევების ანალიზის შესაძლებლობა
· ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის შესაძლებლობა
· კრიტიკული ინფორმაციული სისტემებისა და მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობა
· კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობა

კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიამ ევროკავშირის მხარდაჭერითა და საერთაშორისო მეთოდოლოგიების გამოყენებით, შეიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) კიბერუსაფრთხოების ინდექსში ევროპაში მე-2, ხოლო საერთაშორისო დონეზე მე-8 ადგილი დაიკავა.