საქართველო IMF-დან 42.4 მლნ დოლარის ტრანშს მიიღებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მიღწეული ეკონომიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია.

ამის დასტურად სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 6 დეკემბერს მხარი დაუჭირა საქართველოს სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას (ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე (on a lapse of time basis. 1 ) და საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი (30 მილიონი SDR).

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვა 84.8 მილიონ აშშ დოლარს (60 მილიონ SDR) მიაღწევს.

“გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი”, 210.4 მილიონი SDR-ის მოცულობით (დაახლოებით 297.5 მილიონი აშშ დოლარი, ანუ საქართველოს ქვოტის 100%), სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 12 აპრილს დაუმტკიცა (Press Release No. 17/130 ).

“საქართველოს პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარობს. შესრულებულია 2017 წლის ივნისისთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი”, – ნათქვამია IMF-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.