საქართველო ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა დაეცა

თბილისი (BPI) – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებს, გასული წლის ანგარიშის (2016-2017) მიხედვით საქართველო 59-ე ადგილზე იყო, ანუ 8 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ჯამური ქულა არ შეცვლილა, ისევ 4.3-ია, მაგრამ რეიტინგში პოზიცია სხვა ქვეყნების ქულების გაუმჯობესების გამო გაუუარესდა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 100-ზე მეტ შეფასების კრიტერიუმს მოიცავს, რომელთა უმეტესობა საქართველოს შემთხვევაში გაუარესდა. ცხრილში მოცემულია ის კრიტერიუმები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუარესდა ან გაუმჯობესდა.

ზოგადად, საქართველო ყველაზე ნაკლებკონკურენტულია უმაღლესი განათლების მხრივ, ტექნოლოგიებში, ინოვაციებში და ბაზრის ზომით.

ინდექსის, კრიტერიუმებში საქართველოს პოზიცია უმეტეს შემთხვევაში გაუარესდა, თუმცა რამდენიმე მიმრათულებით გაუმჯობესებაც გვაქს. ასე მაგალათდ, საკუთრების უფლებები – 46-ე ადგილი, (გაუარესება 3 ადგილით); სასამართლოს დამოუკიდებლობა – 87-ე ადგილი, გაუარესება 24 ადგილით; ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში – 57 (-12); მთავრობის გამჭვირვალობა – 46 (-3); დაბალანსებული ბიუჯეტი – 40 (-16); მთავრობის ვალი – 59 (-3); დაწყებითი განათლების ხარისხი – 106 (-13); გადასახადების დონე – 8-ე ადგილი, გაუმჯობესება 1 ადგილით; ინფლაცია – 1 (+79); ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი – 81 (+2); სკოლების ინტერნეტიზაცია – 68 (+5); ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა 112 (+2); სამუშაო ძალის კვალიფიკაცია -125-ე ადგილი, უცვლელი.

რაც შეეხება საქართველოს მთლიან პოზიციას, აღსანიშნავია რომ, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწელს გაუმჯობესების ტენდენცია იყო. ასე მაგალითად, თუ 2011-2012 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩვენ ქვეყანას 88-ე პოზიცია ეკავა, 2016 წლის რეიტინგში 59-ე ადგილამდე დავწინაურდით, თუმცა წელს უკან დავიხიეთ 8 საფეხურით.

ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციების მიმართულებით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის რეიტინგში 118-ე ადგილზე იმყოფება (შარშან 116-ზე იყო). დაბალი ინოვაციების დონე კომპანიების მხრიდან საკმაოდ დაბალ კვლევის მაჩვენებელს (R&D), უნივერსიტეტების მხრიდან კვლევაზე დახარჯულ მცირე თანხებსა და ქვეყანაში კვალიფიციურ ინჟინერთა და მეცნიერთა მცირე რაოდენობას უკავშირდება. ინოვაციების მიმართულებით საქართველოს სარეიტინგო ქულა 2.8 არის.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით საქართველოს მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ინსიტუტების გაძლიერება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შრომითი ბაზრის ეფექტიანობის გაზრდა.

საყურადღებოა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეპორტის თანახმად საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ მიმართულებად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობა სახელდება, რომელსაც ფინანსებთან წვდომა და ინფლაცია მოყვება.

რეიტინგში არსებული 137 ქვეყნიდან ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს შვეიცარიას, აშშ-ს, სინგაპურს, ნიდერლანდებს, გერმანიას, ჰონკონგს და შვედეთს. ხოლო, ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია იემენი, მოზამბიკი, ჩადი და ლიბერია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებულ მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება.

მერაბ ჯანიაშვილი