სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობისთვის ნორმას მიიღებენ

თბილისი (BPI) – სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმა შეიქმნება.

შესაბამის ნორმაზე პარლამენტი იმუშავებს. ამ საკითხის დარეგულირების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფია შექმნილი.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან.

„ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები – მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასა და პათანატომიაში. წლების განმავლობაში არ იყო დარეგულირებული საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გვამური მასალის მოპოვება. საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შევჯერდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ჩვენი სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალასთან ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, სამუშაო პროცესში ჩართული არიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. აღნიშნა, რომ მხარეები შეჯერებულნი არიან პრინციპზე, რომლითაც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მოხდება ამ საკითხის დარეგულირება.