საინვესტიციო როუდ-შოუ ამერიკელი ბიზნესმენებისთვის

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სამ ქალაქში საინვესტიციო როუდ შოუ მიმდინარეობს. პირველი ქალაქი, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პოტენციურ ინვესტორებთან მსგავსი სახის შეხვედრა გაიმართა, ჩიკაგოა.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს.

საინვესტიციო როუდ შოუს მიზანი ამერიკული ბიზნესისთვის საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყნის გაცნობა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და ინიციატივების წარდგენაა.

,,ჩვენ შევხვდებით პორტფოლიო ინვესტორებს, რომლებიც, როგორც წესი, ფულს აბანდებენ სახაზინო ვალდებულებებსა და ევროობლიგაციებში, ასევე, აკეთებენ გრძელვადიან დაბანდებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტორებს ინფორმაცია მივაწოდოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. მათგან მოზიდული სახსრები, როგორც წესი, არის ხოლმე ძალიან იაფი, გრძელვადიანი და შესაბამისად ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. დღეს მათ წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი – თუ სად, რომელ სექტორებში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში აუცილებლად გვექნება უკვე წარმატებული შემთხვევები,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ რეგიონში კრიზისის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ტემპები. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა 80 პროცენტზე მეტით და შეადგინა 1,83 მილიარდი აშშ დოლარი.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის დივერსიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას და დღეს საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონულ როლს და მის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დამატებითი სარგებელი ნახოს და თავისი როლი გაზარდოს სატრანზიტო დერეფნის კუთხით. საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მეზობელ ქვეყნებთან და წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა, რომელიც საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, განათლების სისტემის რეფორმას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა. მანვე ხაზი გაუსვა მომდევნო 25 წლის განმავლობაში ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

ოფიციალური პირების გარდა, ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან წამყვანი ქართული კომპანიების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები. ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების ინდივიდუალური შეხვედრები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან.

როუდ შოუს დაგეგმვა საერთაშორისო ფინანსური კონგლომერატის „CitiGroup“-ისა და უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის „J.P. Morgan“-ის მხარდაჭერით მოხდა. ანალოგიური შეხვედრები ჩიკაგოს შემდეგ ბოსტონსა და ნიუ-იორკშიც გაიმართება.