საფოსტო და საკურიერო კომპანიებმა 53 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

თბილისი (BPI) – საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალმა 2016 წელს 53 მლნ ლარი შეადგინა.

“საქსტატის”ცნობით, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 67,8%-ს შეადგენს, ხოლო 32,2% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 43% ამანათების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალია, რომლის 80,1% საერთაშორისო გზავნილებიდან არის მიღებული, 19,9% – ადგილობრივი გზავნილებიდან.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 28,8% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 41,3% საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 58,7% – ადგილობრივი გზავნილებზე ნაწილდება. საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2016 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5249,6 ათასი წერილობითი კორესპოდენცია და 1336,4 ათასი ამანათი.

2016 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 58 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მათგან 77,6% ქალაქ თბილისშია განთავსებული, 10,3% – აჭარაში, 5,2% – იმერეთში, 3,5% – კახეთში, ხოლო დანარჩენი ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

გზავნილების მიწოდებას საქართველოში 2016 წელს ახორციელებდა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 165 სერვის ცენტრი, რომლებშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 3,7 ათასი კაცი შეადგინა. აქედან 891 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.