საბანკო სფერო ფიზიკურ პირებს უფრო წყალობს, ვიდრე მეწარმეებს

თბილისი (BPI) – საქართველოს საბანკო სექტორის მოგება ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლო 5 წელიწადში საშუალოდ 3%-ს შეადგენს, ბანკების მოგება წლიურად 100%-ზე მეტითაც კი იზრდება ხოლმე. მოგების ასეთ მაღალ მაჩვენებლებს ბანკირები სფეროს წარმატებულობით ხსნიან. თუმც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბნკო ბიზნესი მომსახურების სფეროა მისი წარმატებულობა არაა მოგების მიხედვით, არამედ მომხმარებლების კმაყოფილების შედეგად უნდა განისაზღვროს. ამ მხრივ კი, ქართული ბანკების მომსახურებით კმაყოფილი ერთეული იურიდიული ან/და ფიზიკური პირების მოძებნაც კი ჭირს ქვეყანაში. თუ საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის მოტორია, მაშინ როგორ ხდება, რომ მოტორის ზრდის ტემპი 10-ჯერ აღემატება თვით ეკონომიკისას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ სამ თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 257 785 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 148 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2016 წლის იანვარ-მარტში ბანკების მოგება 109 889 მილიონი იყო. ანუ ბანკების მოგება 2,3-ჯერ,  135%-ითაა გაზრდილი ერთი წლის განმავლობაში. მხოლოდ მარტში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორს 32 მილიონიანი მატება აქვს. იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების მოგებამ უკვე 295,356 მლნ ლარი შეადგინა, რაც 114,896 მლნ ლარით, დაახლოებით 63,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასული წლის იანვარ-აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 180,460 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში ბანკების წმინდა მოგება 58,813 მლნ ლარი იყო.

ბანკირების მხრიდან ხშირად გვესმის, რომ მოგების მაღალი მარჟა იმისთვისაა საჭირო, რომ ქვეყანაში მაღალი რისკებია. რა თქმა უნდა საქართველო დიდ ბრიტანეთ, გეერმანიას ან/და შვედეთს ვერ შეედრება სტაბილურობის და საფინანსო ბაზარზე რისკიანობის ნაკლებობის კუთხით, მაგრამ არც ისეთი კატასტროფილი სიტუაცია ქვეყანაში, როგორც ამას ბანკების მოგების მარჟა გვიჩვენებს. საბანკო სფეროს მომგებიანობა ორი მაჩვენებლით განისაზღვრება ესენია:  ROA (მომგებიანობა აქტივებზე) და ROE (მომგებიანობა კაპიტალზე). ორივე მათგანის მიხედვით ქართული ბანკები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით წამყვან ადგილებს იყავებენ.

საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით მსოფლიო ათეულშია. უფრო კონკრეტულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ქართული კომერციული ბანკები მომგებიანობის სიდიდით მსოფლიოში 9 ადგილზე არიან აფრიკის,  აზიის და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ.

* 2012 წლის ბოლოს მომგებიანობა კაპიტალზე ROE იყო 7.9%, დღეისათვის (2017 წლის I კვარტალი) ROE არის 27.6%. გაიზარდა 3.5-ჯერ.

* 2012 წლის ბოლოს მომგებიანობა აქტივებზე ROA იყო 1.3%, დღეისათვის (2017 წლის I კვარტალი) ROA არის 3.8%. გაიზარდა 2.8-ჯერ.

კაპიტალზე მომგებიანობის მიხედვით, საქართველოს საბანკო სფეროზე წინ, მხოლოდ ლესოტო, არგენტინა, გაბონი, ნამიბია, ნიკარაგუა, ჰონდურასი, კონგო და სეიშელია. ხოლო აქტივებზე მომგებიანობის კუთხით კი მხოლოდ ისეთი ქვეყნები გვისწრებენ, როგორიცაა სვაზილენდი, არგენტინა, განა, მალდივი, კენია, კონგო და პაპუა-ახალიგვინეა. ალბათ, მკითხველი დამეთანხმება, რომ ასეთ დაბალგანვითარებული ქვეყნებში რიგში აღმოჩენა კარგი არაფრის მანიშნებელია.

აქვე საყურადღებოა, რომ საბანკო სფეროს მოგება მოსახლეობის დაკრედიტების ხარჯზე იზრდება და არაა მეწარმეების, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზეც აისახებოდა.

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა $891 მლნ დოლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $163 მლნ დოლარით (5.5-ჯერ ნაკლები).

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში საცალო დაკრედიტება გაიზარდა 2 მილიარდ 462 მილიონი ლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა 1 მილიარდ 177 მილიონი ლარით (2-ჯერ ნაკლები).

* 2013-2016 წლებში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საცალო დაკრედიტება (თუ დოლარში გადავიყვანთ) საშუალოთვიურად გაიზარდა $46 მლნ დოლარით, ადგილობრივი კორპორაციული დაკრედიტება გაიზარდა $16 მლნ დოლარით (3-ჯერ ნაკლები).

შედეგად ვიღებთ იმას, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად ეფლობა ვალებში, რითაც იზრდება კიდეც საბანკო სფეროს მოგება რეკორდულად ყოველწლიურად. ხოლო მეწარმეების დაკრედიტება ბანკების მხირდან კიდევ უფრო შემცირდა საერთო მაჩვენებელში, რითაც ეკონომიკა იმ პოტენციურ სარგებელსაც ვერ იღებს საკრედიტო ინსტიტუტებისგან რისთვისაც წესით ისინი არსებობენ.

“ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან. საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი (2015წ). ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომ საბანკო სექტორი აქტიურად ჩადგეს ეკონომიკის განვითარების და არა ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში”, – აღნიშნავს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა.

ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოში ფიზიკური პირების სესხების მომსახურების ტვირთი მთლიან შემოსავლებთან მიმართებაში ყველაზე მაღალია რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში და გამოიყურება შემდეგნაირად:

– თურქეთი – 16,6 %;

– სომხეთი – 6,7 %;

– რუსეთი – 18,5 %;

– საქართველო – 24,6 %;

– ამერიკის შეერთებული შტატები – 10 %;

– ევროპა – 11 % (საშ).

საბანკო სფეროს მოგება ყოველთვიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბანკების მსოფლიო ათეულში არიან მომგებიანობის მარჟით, ეს კიდევ მისაღები იქნებოდა, მათი მხრიდან ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტება, რომ ხდებოდეს. დღეს სახეზე გვაქვს ბანკების მხირდან ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდა, რომელიც ეკონომიკაში სარგებელს არ ქმნის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბანკების მოგება რეკორდულად იზრდება მოსახლეობის, ფიზიკური პირების ხარჯზე, ხოლო ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის მთავარ პრობლემას ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს. როდესაც ქვეყანაში საფინანსო სექტორის 90% ბანკებზე მოდის, მეწარმეებს ფინანსების მოძიების ერთადერთი საშუალება აქვთ, ესაა აიღო კრედიტები კომერციული ბანკებიდან. რასაც ან ვერ აკეთებენ, ან კიდევ ისეთი პირობებით უწევთ სესხები აღება, რომ ეს მათ ფინანსური მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

მერაბ ჯანიაშვილი