რიკოთის სოფლების დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის ADB-ი 80 მლნ-ს გამოყოფს

თბილისი (BPI) – აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩუმათელეთის მაგისტრალის მშენებლობას დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში ძირულა – ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

შეთანხმება მხარეებმა უკვე გააფორმეს და მას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეთანხმება 80 მლნ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი გზების განსავითარებლად.

„ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ კავშირებს რეგიონებს შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზიის განვითარების ბანკისგან“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პროექტით დაფინანსდება ძირულა – ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები.

პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტი, გარემონტდება ხიდები, ასევე იგეგმება გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.