რას შეცვლის შრომის უსაფრთხოების ახალი კანონი – ინტერვიუ გრიგოლ მუმლაძესთან

თბილისი (BPI) – ახალი კანონპროექტი, რომელმაც შრომის უსაფრთხოება უნდა დაარეგულიროს, განსახილველად გამზადებულია. დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი კონტროლის მექანიზმები მიენიჭება შრომის ინსპექციასაც. კერძოდ, უწყებას უფლება ექნება ობიექტები გაუფრთხილებლად შეამოწმოს და დამრღვევები სოლიდური თანხით დააჯარიმოს.

საყურადღებოა, რომ ინიციატივა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბოლო დროს გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა არაერთი დასაქმებულის სიცოცხლე შეიწირა. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 728 ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა.

ახალი კანონპროექტი უფრო მეტად სტანდარტიზებული იქნება და ის მუხლები, რომელიც აქამდე შრომის კოდექსში ზოგადი სახით იყო ჩამოყალიბებული, დაკონკრეტდება. შესაბამისად,  დამსაქმებელს, უსაფრთხოების კუთხით, ძალიან ბევრი ვალდებულება დაეკისრება. მაგალითად: აუცილებელი გახდება კომპანიაში უსაფრთხოების გეგმის არსებობა და რისკების წინასწარი შეფასება, პასუხისმგებელი პირის ყოლა, ორგანიზაციის ტექნოლოგიური გამართვა და დასაქმებულების აღჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით (თუ ეს საჭიროა უსაფრთხოების სტანდარტის ასაწევად). ასევე დამსაქმებელი ვალდებული იქნება, გააცნოს დასაქმებულს უსაფრთხოების გეგმა და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით მისი ცნობიერების ამაღლებას.

ამ ფონზე, შრომის უსაფრთხოება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. რა ხდება რეალურად,  რატომ ვერ დარეგულირდა შექმნილი პრობლემები კომპანიებში, გვესაუბრება იურიდიული ფირმა GLCC პარტნიორი, იურისტი გრიგოლ მუმლაძე:

– უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, მას შემდეგ რაც ჩვენმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანს, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და გარკვეული პასუხიმგებლობა და ვალდებულებები აიღო სხვადასხვა მიმართულებით,  შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  პრობლემების  ზოგადად დარეგულირება, პირობების მოწესრიგება და განვითარება სავალდებულო მოთხოვნადაც კი იქცა. 2006-დან 2015 წლამდე არავითარი სტრუქტურული დანაყოფი არ არსებობდა, რომელიც შექმნილ პრობლემას დაარეგულირებდა და მოაწესრიგებდა. შესაბამისად, პრობლემა დარეგულირების ნაცვლად გროვდებოდა და მძაფრდებოდა.

– მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა , შექმნილი მდგომარეობის მოწესრიგებაზე არავის უზრუნია…

– დიახ, სწორედ ამაზეა საუბარი. 2015 წელს შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის სამუშაოს ეწეოდა, შესაბამისად, არავითარი სავალდებულო ხასიათის საქმიანობა მისი მხრიდან არ ხორციელდებოდა. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მოთხოვნილია არა მხოლოდ ინსპექტირების მექანიზმის შემუშავება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი, სწორად დავინახოთ და გავიაზროთ რას გულისხმობს  შრომის უსაფრთხოება,  ეს უნდა გახდეს ერთი მთლიანი პოლიტიკა, რომელშიც  ჩაერთვება სახელმწიფო,  მეწარმე სუბიექტი და  დასაქმებულიც.

– ბატონო გრიგოლ, ხშირად მსგავსი ინიციატივები ესმით, როგორც ბიზნესის შეზღუდვა… თავის დროზე ამ კანონის გაუქმების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო,. დღეისთვის არსებობს თუ არა რეალური საფრთხე ბიზნესისთვის, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, გარკვეული სანქციების და მათ შორის რეკომენდაციების გაწევის გზით ბიზნესი დაზარალდეს?

– უპირველესად, ამ მექანიზმს ჩემი აზრით არ უნდა შევხედოთ ისე, როგორც ბიუროკრატიულ მექანიზმს ან ბერკეტს, რომელიც სახელმწიფოს ხელშია და რომელიც მიმართული იქნება ბიზნესის წინააღმდეგ. ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს, უბრალოდ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც, ყოველი ახალი მექანიზმის გაჩენა, რომელიც მიმართულია ბიზნესზე ზედამხედველობისაკენ, ბიზნეს სექტორში ამგვარად შესაძლოა აღიქმებოდეს…

– თუმცა ეს ახალი არ არის და მთელ მსოფლიოში არსებობს…

– კი ბატონო და ის, რომ ქართულ სინამდვილეში არ არსებობდა არავითარი მექანიზმი, რაც ზოგადად სამუშაო პროცესებში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას დაარეგულირებდა, და ზოგადად, ის რომ არ არსებობდა არავითარი მონიტორინგი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იყო და არის უდიდესი პრობლემა. ვფიქრობ, რომ შრომის ინსპექციის შექმნის შემთხვევაში, რომელიც კანონმდებლობის ახალი აქტების შედეგად აღიჭურვება შესაბამისი უფლებამოსილებებითა და კომპეტენციით, გაჩნდება საკმაოდ კარგი „დამცავი ბერკეტი“, იმისთვის, რომ დავიცვათ დასაქმებულის უსაფრთხოება არამხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, არამედ ზოგადად სამუშაო პროცესში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ხაზი გავუსვა, არის რომ აუცილებელია შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთოებასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სწორედ იმგვარად, როგორც ეს ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებს გააჩნიათ. ეს არის უმთავრესი მიზანი და ეს უნდა იყოს სწორედ ამ კანონმდებლობის დახვეწის მთავარი მიმართულება. ეს უნდა იყოს მისი მთავარი მოწოდება.

– აქვე მინდა გკითხოთ, ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტიც, რომლისთვისაც მოხდა 25 მონიტორის გადამზადება. მათ სხვადასხვა საწარმოში რამდენიმე ინსპექტირებაც ჩაატარეს, თუმცა, ამ ეტაპამდე, მათი უფლებამოსილება მხოლოდ რეკომენდაციების გაცემას ითვალისწინებდა.  როდესაც პარლამენტი მიიღებს კანონს და დაწესდება  გარკვეული ჯარიმები,  თქვენი აზრით,  ბიზნესის რეაქცია როგორი იქნება ან დღეს როგორია ბიზნესის  განწყობა  ამ კანონისადმი? მიუხედავად იმისა რომ,შეიძლება მათ იცოდნენ რომ არღვევდნენ გარკვეული ადამინის უფლებებს, თუმცა მაინც აკეთებენ ამას…

– ცალსახად უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ნებისმიერი ზეწოლა (ვგულისხმობ კიდევ ერთხელ კარგი გაგებით) ბიზნესზე ყოველთვის იქნება უკმაყოფილების საფუძველი ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ისევე როგორც არსებობს ნეგატიური განწყობა, არსებობს ასევე დადებითი განწყობაც. სტატისტიკა პირდაპირ გვეუბნება, რომ რაღაც არის გამოსასწორებელი, ეს რაღაც კი, ჩემი აზრით, გარკვეული ნაბიჯის გადადგმის გარეშე არ შეიცვლება. შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საერთო სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში, აუცილებლად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლები, რადგან ის კალაპოტი რომელშიდაც უნდა ჩაეშვას შრომის და ჯანრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ამ კალაპოტის შესაქმნელად არის სწორედ საკანონმდებლო ინიციატივები და ის საკანონმდებლო პროექტები.

– რა რეკომენდაციები გექნებოდათ ხელისუფლებასთან და აგრეთვე ბიზნესთანაც ვიდრე კანონი იქნება მიღებული იქნება, ხომ არ სჯობს დაიწყონ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ურთიერთთანმხვედრი მიმართულებით?

– ვფიქრობ, ის საკანონმდებლო აქტები, რომელიც მიღებული და დამტკიცებული იქნება, აგრეთვე ის სტრუქტურა, რომელიც შეიქმნება, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს საკანონმდებლო მიზნების მომსახურე. საკანონმდებლო მიზნების მომსახურება კი გულისხმობს, ჩვენს სახელმწიფოში შეიქმნას შრომისა და ჯანმრთელობის იმგვარი უსაფრთხო გარემო, რომ ბიზნეს სექტორი, სახელმწიფო და საზოგადოება (დასაქმებულებს ვგულისხმობ) ერთობლივად, ინტეგრირებულად მოქმედებდნენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებს.