რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა

თბილისი (BPI) – 2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში საპენსიო რეფორმის გატარება იგეგმება

მთავრობა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა. თუ სისტემა ამოქმედდა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და ის საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს (40 წელი და მეტი) ეხება.

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება თითოეულ დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს ექნებათ 2 თვე. დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანახმად პროცესში სამი მხარე მონაწილეობს, ესენია დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგნაირად, თავად დასაქმებული ახორციელებს შენატანს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ორი (2) პროცენტის ოდენობით. ამასთან ერთად, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულია, რომ დასაქმებულს გადაუხადოს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ორი (2) პროცენტის ოდენობის საპენსიო შენატანი თითოეულმა. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათთვის სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია და თითოეული თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს თავისი შემოსავლის ოთხი (4) პროცენტის ოდენობით, ხოლო მის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს მისი დასაბეგრი შემოსავლის ორ (2) პროცენტს. შედეგად მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

საპენსიო შენატანები შეწყდება თუ, დასაქმებულის შემთხვევაში, როდესაც საანგარიშო წლის განმავლობაში, დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი მიაღწევს 60 000 ლარს, მას საპენსიო შენატანის გადახდის უფლება და ვალდებულება ამ საანგარიშო წლის განმავლობაში უწყდება, ისევე როგორც მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს.

პენსიის გატანა, ლიმიტირებული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში შეადგენს 65 წელს, ხოლო ქალის შემთხვევაში 60 წელს. თუმცა, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებიდან გამომდინარე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს მისი საპენსიო დანაზოგის მთლიანი თანხით მიღება.

რეფორმის პროექტის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს არსებული 180 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად არ გადაეცემათ, ფონდი მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

2016 წლის მდგომარეობით, მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 68 წელია, ქალისთვის კი 77 წელი, ეს კი ნიშნავს, რომ დღეისთვის მამაკაცის საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხა გაიყოფა 3 წელზე, ქალის კი, 12 წელზე. იმის გამო, რომ ქალები უფრო ადრე გადიან პენსიაზე და საშუალოდ უფრო მეტ ხანს არიან პენსიონრები, ვიდრე მამაკაცები, მათ მიერ მიღებული პენსიები საშუალოდ უფრო მცირე იქნება, ვიდრე მამაკაცების. იმის გამო, რომ დაზოგილი თანხა მოქალაქეებს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ერთიანად არ გადაეცემათ, ფონდი თანხის იმ ნაწილზე, რომელიც პენსიონერისთვის ჯერ არ გადაცემულა, საპროცენტო სარგებლის დარიცხვას აგრძელებს.

პროექტის მიხედვით, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. მოქალაქეს დაზოგილი თანხის ნაადრევად მოთხოვნის უფლება ექნება თუ ის შშმ პირი გახდება. პირს დაზოგილი თანხის ნაადრევად გამოტანის უფლება მიეცემა, თუ ის საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის, თუმცა, ამ შემთხვევაში თანხას ⅓ აკლდება (ანუ სახელწმიფოს კონტრიბუციის ⅓).

თითოეულ მონაწილეს გაწევრიანებისთანავე შეექმნება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიში და უზრუნველყოფილი იქნება საკუთარი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციით ელექტრონული წვდომის საშუალებით, ასევე ყველასათვის იქნება შესაძლებელი შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე მიიღოს ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული მდგომარეობის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე ნებისმიერ მისთვის მისაღებ დროს.

საპენსიო სქემის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი იქსნება დამოუკიდებელი სსიპ – საპენსიო სააგენტო. საპენსიო სააგენტო ორგანიზებულია იმგვარად, რომ გამიჯნულია მის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პოლიტიკა და შენატანების, საპენსიო განაცემების და სხვა ადმინისტრაციული საკითხები. სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მონაწილეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნას დაცული, თუმცა, სამეთვალყურეო საბჭოს არავითარი კავშირი არ აქვს საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირებასთან და განხორციელებასთან. ეს უკანასკნელი ყალიბდება და ხორციელდება დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭოს მიერ, მონაწილეთა მიერ დაფიქსირებული რისკიანობის პროფილის განსაზღვრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

სამეთვალყურეო საბჭოს როლი შემოიფარგლება მთლიანი საპენსიო სისტემის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებით და ადმინისტრაციული ხასიათის საკითხებით, რაც თავსებადია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. სამეთვალყურეო საბჭო აბსოლუტურად გამიჯნულია საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისგან, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციული სტრუქტურის უპირატესობას სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან შედარებით და ეს უზრუნველყოფს, რომ ინვესტირების პროცესი წარიმართოს მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით.

რაც შეეხება აკუმულირებული თანხების ინვესტირებას, საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო პერიოდში დადებითი ამონაგების მაქსიმიზაციის მიზნით მონაწილეების ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. საპენსიო აქტივების ინვესტირებასა და მასთან დაკავშირებული საკითხების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესის დაცულობა უზრუნველყოფილია კანონით.

კანონი განსაზღვრავს ზოგად ჩარჩოს რა ტიპის აქტივებში შეიძლება განხორციელდეს ინვესტირება და განსაზღვრავს იმ ტიპის აქტივებს, რომელშიც არ შეიძლება ინვესტირება. კანონი ასევე ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისადმი. შესაბამისად, აქტივების არაკეთილსაიმედო ინვესტირების რისკები იდენტიფიცირებული და მინიმიზირებული იქნება კანონმდებლობის და რეგულატორის მიერ.

ბოლოსკენ აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის პროექტი ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და რამდენიმე დეტალი კვლავ საჭიროებს დაზუსტებას.

cbw.ge