Control Key on Computer Keyboard --- Image by © Royalty-Free/Corbis

რა შეღავათები მოქმედებს ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისას

თბილისი (BPI) – შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა იმ შეღავათებისა და აკრძალვების ნუსხა, რომელიც ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისას მოქმედებს.

ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება:

მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და სხვა მასალებზე, რომლებიც განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების, მათი ადმინისტრაციული პერსონალის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისათვის; ასევე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ აღნიშნულ პირთა პირად ნივთებში გადაიტანება საკარანტინო ობიექტი, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით; საკონსულო ვალიზის შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში, იგი უბრუნდება გამომგზავნს.

ფიტოსანიტარიული სერთიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე დასაშვებია ფიტონასიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა

1) მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონა – არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;
2) საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში:
2.1 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები;
2.2 3 კილოგრამამდე ციტრუსების ნაყოფი;
2.3 5 კილოგრამამდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;
2.4 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან
გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;
2.5 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები;
2.6 2 კილოგრამამდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;
2.7 5 შეფუთვა სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;
2.8 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები;
3) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების
დადგომისას, დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციო ფიტოსანიტარიულ
კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

საქართველოდან მსუბუქი ან სატვირთო-სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო
გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან საქონელზე ფიტოსანიტარიული და
რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი არ მოითხოვება.

ფიტოსანიტარიული სერთიფიკატის ან/და საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გარეშე აკრძალულია საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/ მგზავრის ხელბარგით ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:

  1. ბაქტერიული სიდამწვრის (Erwinia amylovora) შემდეგი მასპინძელი მცენარეები და მათი მტვერი:
    ყვავტყემალა (Amelanchier Med.), იაპონური კომში (Chaenomeles Lindl.), ვაშლანა (Cotoneaster Ehrh.), კუნელი (Crataegus L.), კომში (Cydonia Mill.), იაპონური ზღმარტლი (Eriobotrya Lindl), ვაშლი (Malus Mill.), ზღმარტლი (Mespilus L.), ჩიტავაშლა (Pyracantha Roem.), მსხალი (Pyrus L.), თამელი (Sorbus L.), ფოტინია დავიდსონის (Photinia davidiana (Dcne.)
  2. სასურსათო და სათესლე კარტოფილი;
  3. მოჭრილი ყვავილები და ქოთნის მცენარეები: ქრიზანთემა (Dendranthema (DC.) DesMoul), მიხაკი
    (Dianthus L.) და ჯადვარისებრნი (Orchidaceae );
  4. მცენარეები ციტრუსის გვარიდან (Citrus L.) და მათი ჰიბრიდები: კინკანი (Fortunella Swingle),
    სამყურა ლიმონი (Poncirus Raf.) და ვაზი (Vitis L.).

მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა იმპორტიც აკრძალულია


ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და
დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში – იგი უბრუნდება გამომგზავნს; საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დაუძლეველი ძალის პირობების დადგომისას, დაუძლეველი ძალის პირობების შედეგების სალიკვიდაციოდ საქონლის გადაადგილებისას.

ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით არაუმეტეს 5 ერთეული შინაური ცხოველის შემოყვანისას, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ცხოველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1) უნდა იყოს ჯანმრთელი;
2) ჩატარებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევა, დამუშავება;
3) უნდა ახლდეს ვეტერინარული სერთიფიკატი ან შინაური ცხოველის პასპორტი.

ძაღლისა და კატის საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ძირითად ინფორმაციას:

ცხოველის შესახებ მონაცემებს (მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას);
ცხოველის მფლობელის შესახებ მონაცემებს;
საცხოვრებელ მისამართს;
ცხოველზე განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების მონაცემებს
(თარიღების ჩვენებით):
4.1 ცოფის საწინააღმდეგო აცრის შესახებ;
4.2 ექტო და ენდოპარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავების შესახებ.

შინაური ცხოველები – ძაღლი, კატა, ქრცვინი, უხერხემლოები (გარდა ფუტკრისა და კიბოსნაირებისა), ტროპიკული დეკორატიული თევზი, ამფიბია, რეპტილია, ფრინველი ყველა სახეობის (გარდა: მწყერი, ხოხობი, კაკაბი, სირაქლემა, ქათამი, ინდაური, ციცარი, იხვი, ბატი, მტრედი), მღრღნელები და შინაური კურდღელი, რომლებიც თან ახლავს მფლობელს ან მასზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს და არ არიან გამიზნული გასაყიდად ან სხვა მფლობელზე გადასაცემად.

საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, სერთიფიკატის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ:

  1. საკლავი, სანაშენე ცხოველების ექსპორტისას;
  2. 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის
    (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისას (გარდა, მსუბუქი, სატვირთო-
    სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის
    ხელბარგით გასატან 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
    სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისა).

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცის იმპორტის ნებართვა არ ესაჭიროება ლაბორატორიული, სასწავლო და სამეცნიერო მიზნით განკუთვნილ ცხოველებს და საკვლევ მასალას.