რა მართავს ლარს

თბილისი (BPI) – 3 წელი ეროვნული ბანკი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ რეფინანსირების სესხები ზეგავლენას არ ახდენს ლარის კურსზე, ხოლო ახლა ამის საპირისპიროს იძახის.

21 აგვისტოდან ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო. თუ 21 აგვისტოს ლარის დოლარის მიმართ 2,38, ხოლო ევროს მიმართ 2,80 კურსის ნიშნულზე იყო, 6 სექტემბრისთვის ეს მაჩვენებლები შესაბამისად 2,49 და 2,96 დონეზე დაეცა. ამ ხნის მაძილზე ეროვნულ ბანკს ინტერვენცია არ განუხორციელებია. და საერთოდაც, სიტყვა არ დაცდენია ეროვნული ვალუტის შესახებ. ბოლო წლებში სებ-ში ასეთი პოლიტიკა აქვთ, რომ ლარზე საუბარიც კი არ სურთ, გეგონება იგნორირებით პრობლემა თავისით მოგვარდება და ქართული ეროვნული ვალუტა სტაბილურობას თავად შეინარჩუნებს. სამწუხაროდ ეს, რომ ვერ მიიღწევა, ბოლო 2 კვირის ისტორიაც გვიჩვენებს.

ახლა გადავხედოთ იმ მაჩვენებლებს, რასაც შეიძლება ლარის კურსის ცვლილება გამოეწვია. საგარეო ფაქტორებიდან რა თქმა უნდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშ არსებული მდგომარეობა გვაინტერესებს. ამ მხრივ რაიმე პრობლემებზე ან/და განსაკუთრებულ ცვლილებებზე საუბარი არ არის. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვალუტები 21 აგვისტოდან 6 სექტემბრის პერიოდში პირიქით გამყარდნენ. ასე მაგალითად, ევრო დოლართან მიმართებაში 21 აგვისტო – 6 სექტემბრის პერიოდში 0,84-დან მცირედით 0,83-მდე გამყარდა. რუსული რუბლი აშშ დოლართან იმავე პერიოდში 59,1-დან 57,3-მდე რევალვირდა. აზერბაიჯანული მანათი მხოლოდ მცირედით, თუმცა ისიც გამყარდა დოლარის მიმართ 21 აგვისტო – 6 სექტემბრის პერიოდში 1,699-დან 1,698-მდე. სომხური დრამი ანალოგიურ პერიოდში ასევე უმნიშვნელოდ 478,54-დან 478,19-მდე გაიზარდა. თურქული ლირა კი 7 პუნქტით 3,51-დან 3,44-მდე გამყარდა დოლარის მიმართ 21 აგვისტო – 6 სექტემბრის პერიოდში. რაც შეეხება უკრაინულ გრივნას ერთადრეთი ვალუტაა, რომელიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, გაუფასურდა, თუმცა ეს დევალვაციაც ძალიან მცირე იყო, კერძოდ  21 აგვისტო – 6 სექტემბრის პერიოდში გრივნა დოლართან 25,5-დან 25,97-მდე უმნიშნელოდ გაუფასურდა. ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორი ქვეყნების ვალუტის კურსები ნათლად აჩვენებს იმ ფაქტს, რომ საგარეო ფაქტორებზე ამ 2 კვირიანი დევალვაციის გადაბრალება არასწორი იქნება.

ლარის კურსის ცვლილებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 377 მილიონი დოლარია, რაც 38,6 მლნ-ით ანუ 9,3%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სამწუხაროდ მეორე კვარტლის მომაცემები ჯერ-ჯერობით არაა ხელმისაწვდომი (არ გამოუქვეყნებიათ). რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2017 წლის იანვარ-ივლისის უარყოფითი სავაჭრო სალდო 2,7819 მილიარდი დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ 50 მილიონით მეტია, ხოლო 2016 წლის გამოკლებით ბოლო 6 წლის მანძიზლე ყველზე უკეთესი შედეგია.

ამასთან მიმდინარე წელს ზრდა გვაქვს ფულადი გზავნილების კუთხითაც, 2017 წლის იანვარ-ივლისში 749,89 მილიონი აშშ დოლარის თანხა გადმოირიცხა საქართველოში, რაც 123,8 მილიონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 120 მლნ.-თი მეტია ვიდრე 2015 წელთან შედარებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია ქვეყანას. ივლისში 982 487, ხოლო აგვისტოში 1 080 449 მოგზაური შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც 232 068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ერთადერთი კლება უცხოური ვალუტის შემოდინების მხრივ უცხოური ინვესტიციების კუთხით დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 751.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ ქვეყანაში დოლარის შემოდინების ყველა ნაკადში წინსვლა გვაქვს, გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, სადაც 23,8 მილიონი აშშ დოლარის კლება შეადგინა, რაც არაა დიდი ციფრი. შესაბამისად, ამ პროცესებს პირიქით ლარის გამყარების პროცესი უნდა გამოეწვია. ზაფხულის პერიოდში კიდეც დაფიქსირდა ეროვნული ვალუტის რევალვაციის პროცესი, თუმცა მაშინ ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე ინტერვენციები განახორციელა და საერთო ჯამში 110 მილიონი აშშ დოლარი ამოიღო ბაზრიდან, რითან შეჩერა გამყარების ტრენდი.

რაც შეეხება ყბადაღებულ რეფინანსირების სესხებს ამ მხრივ ბოლო თვეებში კლება ფიქსირდება. ასე მაგალითად, თუ 15 ივნისისთვის ეროვნულმა ბანკმა 1,35 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხი გასცა კომერციულ ბანკებზე, მას შემდეგ დაკრედიტებამ კლების ტრენდი აჩვენა და 7 სექტემბრის აუქციონზე რეფინანსირების სესხების მოცულობა 520 მლნ.-ით 830 მილიონამდე შემცირდა. თუმცა ამის პარალელურად მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისიდან ახალი ინსტრუმენტი აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურმა ბანკებში 3 თვიან დეპოზიტებზე 500 მილიონი ლარი განათავსა. სწორედ ამაზე მიუთითებენ ოპოზიციონერი პარლამენტარები ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებს.

“პარლამენტის სხდომა გუშინ დაიწყო სპეკულაციით, თუმცა სხვა მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია – ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმავე მოცულობის თანხით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე,” – აღნიშნა საპასუხოდ დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ხაზინის ფულის მართვის ოპერაციებზე კომენტარი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმაც გააკეთა. მისი თქმით მექანიზმი სებ-თან შეთანხმებულია, მასთან კოორდინირებით ხორციელდება, შემუშავებულია მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდისა დახმარებით. „ეს ოპერაციები არ იწვევს ფულის მიწოდების ზრდას გამომდინარე იქიდან, რომ ანალოგიური მოცულობით ხდება ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის შემცირება. ეს მსგავსი პროდუქტებია და ერთმანეთს აბალანსებს“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

პარადოქსულია, ეროვნული ბანკისა და მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები. მთელი 3 წელი ისინი იმას ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ რეფინანსირების სესხები ზეგავლენას არ ახდენს ლარის კურსზე, ხოლო ახლა ამის საპირისპიროს იძახიან და სრულიადაც არ გრძნობენ თავს უხერხულად. რა გამოდის საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან და ვერც ვხდებიან. თუ ამას აანალიზებენ, მაგრამ მაინც აკეთებენ, რადგან ლარის კურსის არასტაბილურობის პირადაპირ პროპორციულად მათი განცხადებებით გაუფასურებულია. სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკი პოზიციებს ასეთი სისწრაფით იცვლის. ლარის კურსი გაუფასურდა, მიზეზებიდან საგარეო ფაქტორები გამორიცხულია, ეს მოლოდინების გამო მოხდა თუ ფინანსთა სამინისტროს ახალი ინსტრუმენტის ამოქმედების შედეგად, არ აქვს მნიშნელობა. ფაქტია, რომ ამ პროცესების მართვა ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ვერ მოახერხა და ახლა მათი განცხადებები იმისკენაა მიმართული, თუ როგორ გაამართლონ ესა თუ ის მოვლენა, ხოლო რეალური მიზეზების დასახელებას თავს არიდებენ.

მერაბ ჯანიაშვილი