რა არის Platts-ი

თბილისი (BPI) –  ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Platts-ის საქმიანობაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციას აქვეყნებს. განმარტავს, რომ Platts-ი სპეციალიზირდება ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, ნავთობქიმიისა და სამრეწველო მეტალების  ფასების კოტირების დადგენასა და გამოქვეყნებაზე, რომლის ვაჭრობაც ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

Platts არის ამერიკული მედიაჰოლდინგი  „McGraw-Hill“-ის ქვეგანყოფილება (2016 წლის აპრილის თვიდან ეწოდება „S&P Global Platts“).

Platts  ფუნქციონირებს მსოფლიოში უკვე საუკუნეზე მეტია.  1909 წელს ჟურნალისტმა უორენ პლატმა კლივლენდში ჩამოაყალიბა ნავთობის ნაციონალური ამბების ყოველთვიური ჟურნალის გამოცემა (National Petroleum News).

სააგენტო Platts-ის სათაო ოფისი 2017 წლის აპრილის თვეში ნიუ-იორკში მდებარე McGraw-Hilის შტაბ-ბინიდან გადატანილ იქნა ლონდონში. Platts-ის რეგიონალური შტაბ-ბინები მდებარეობს ჰიუსტონში, ნიუ-იორკსა და სინგაპურში. ენერგომატარებლების მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ცენტრებში განლაგებულ 15 ოფისში დასაქმებულია დაახლოებით 1 ათასი თანამშრომელი.

Platts-ის პრეზიდენტი 2015 წლიდან არის იმოჯენ დ.ჰატჩერი.

დღეისათვის სააგენტო Platts უშვებს ფართო გამის საინფორმაციო ბიულეტენებს, რომლებიც შედგება ინდუსტრიის სიახლეებისგან და სხვადასხვა სახის ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ნახშირის, ნავთობქიმიის, სამრეწველო მეტალის ფასების მიმდინარე კოტირებისგან. კერძოდ,  სააგენტო აქვეყნებს Brent, Dubai და West Texas Intermediate (WTI) სახის ნავთობის ფასების კოტირებას, რომლებიც გამოიყენება როგორც ამ სახის ნავთობის, ასევე სხვა სახის ნავთობის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Platts თავისი საფასო ინფორმაციების შედგენისა და გამოქვეყნების მეთოდიკაში იყენებს მოთხოვნილებისა და მიწოდების ფასებს, რომლებიც რეალურად არსებობს ფიზიკური საქონლის ბაზარზე.

Platts-ის საინფორმაციო ბიულეტენების გავრცელება ხდება ინტერნეტით ფასიანი გამოწერის პრინციპით.

Platts ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიების რეიტინგს „Top 250 Global Energy Company Rankings“.

წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი