ქვეყნის საგარეო ვალი ერთ წელში $0,5 მლრდ-ზე მეტით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ისევ ზრდის ტრენდით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 0,5 მლრდ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 5,005 მლრდ დოლარია.

ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში თითქმის 60 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2017 წლის 31 აგვისტოსთვის საგარეო ვალის მოცულობა 4,946 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის 30 სექტემბრისთვის – 4,461 მლრდ დოლარს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,64 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 821 მლნ დოლარს აჭარბებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.