ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ წელში $0,5 მლრდ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქვეყნის საგარეო ვალდებულებების მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 0,5 მლრდ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 4,946 მლრდ დოლარია.

ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში 46 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

2017 წლის 31 ივლისისთვის საგარეო ვალის მოცულობა 4,9 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის 31 აგვისტოსთვის – 4,445 მლრდ დოლარს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,571 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 828 მლნ დოლარს აჭარბებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.