ქუმსიშვილი: საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში მწეველთა რაოდენობა 25%-ით არის შემცირებული

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის მოსაზრებით, თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სწორი პოლიტიკა მნიშვნელოვანია. დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სპეციალურ სესიაში თამბაქოს გადასახადებთან დაკავშირებით თემაზე სახელმწიფო ჯანდაცვა და შიდა რესურსების მობილიზაცია და მის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება და ძირითადი მიღწევები თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის შესახებ.

“თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სწორი პოლიტიკა თამბაქოს მოხმარების შემცირებასთან ერთად თანხების მობილიზების შესაძლებლობასაც იძლევა”, – ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

მინისტრმა მთავრობის ხედვაზე თამბაქოს მოხმარების შემცირების მიმართულებით საზოგადოების ყველა სეგმენტში, განსაკუთრებით, მოზარდებში ვრცლად ისაუბრა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნა, რომ ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ და შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აღნიშნული რისკების შემცირების მიმართულებით.

მინისტრმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკისა და Bloomberg-ის ორგანიზებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა, საუბარი იყო მსოფლიო პრაქტიკაზე თუ როგორ უნდა მოხდეს გადასახადების დაწესება და გადახდა თამბაქოს ინდუსტრიაში, ასევე ამას რა შედეგები აქვს ქვეყნებში. “ჩვენ ასევე გავაცანით გამოცდილება. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 25%-ით არის შემცირებული მწეველების რაოდენობა, მაშინ როდესაც ბიუჯეტის გადასახადები 150%-ით არის გაზრდილი,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშილმა.