ქართველმა მოსწავლეებმა აშშ-ში, GENIUS-ის ოლიმპიადაზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

თბილისი (BPI) – ქართველმა მოსწავლეებმა აშშ-ში, GENIUS-ის ოლიმპიადაზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მსოფლიო ოლიმპიადა GENIUS 2017 18 ივნისს დასრულდა. წელს ოლიმპიადაზე მსოფლიოს 65 ქვეყნა იყო წარდგენილი, 1500 პროექტიდან კი ფინალში 500-მდე ნამუშევარი გადავიდა.

GENIUS 2017-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად ჟიურის მიერ წელს 5 ქართველი მონაწილე შეირჩა. 11-დან 17 ივნისის ჩათვლით გამართულ დასკვნით ტურზე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა ლიზი შენგელიამ და ახალგაზრდა მეცნიერებმა მარიამ არაბიძემ და შოთა მეიფარიანმა საპრიზო მედლები მოიპოვეს.

ლიზის პროექტმა  ჟიურის  განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და იგი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა, ეკოლოგიის მიმართულებით მომზადებულმა პროექტმა მარიამს და შოთას ვერცხლის მედლები მოუტანა.

GENIUS-ის ოლიმპიადა ყოველწლიურად  ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის ფინალი ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება და იგი ონტარიოს ტბის ნაპირებზე, აშშ-სა და კანადას შორის ტარდება. ოლიმპიადა ტრადიციულად რამოდენიმე ეტაპს მოიცავს და იგი მსოფლიოს ნიჭიერ ახალგაზრდებს უყრის თავს. პროექტი  GENIUS გარდა იმისა, ავლენს ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს, ასევე ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსთან დაკავშირებული საკითხების აღქმას მეცნიერების, ხელოვნების, კრეატიული წერის, ინჟინერიის, დიზაინის მეშვეობით.

გამარჯვებული მოსწავლეები სამშობლოში 19 ივნისს ბრუნდებიან.