“ქართული ზეთისხილი” მალე ექსპორტზე გავა

თბილისი (BPI) – კომპანია “ქართული ზეთისხილი” საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

საწარმოს მფლობელის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით უკვე სარგებლობს და უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციის ამერიკაში, ევროპაში, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს.

ზეთისხილის საწარმოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის.

კომპანიამ სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღება დაიწყო.

ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა. საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია.

Image may contain: drink and indoor