ქართული წარმოების ფოლადის უნაკერო მილები ექსპორტზე აშშ-ში გავა

თბილისი (BPI) – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პირველად ქარხნის ისტორიაში საკუთარი ბრენდით უნაკერო მილების ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელებს.  პირველი საცდელი პარტია 1000 ტონამდე მოცულობით, უდიდეს საექსპორტო ბაზარზე 25 ნოემბერს გაიგზავნება.

საკუთარი ბრენდით მილების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად მუშაობა დაიწყო 2 წლის წინ. როგორც მენეჯმენტი ამბობს, ეს მოითხოვდა კომპანიის მენეჯმენტის, გაყიდვების გუნდისა და წარმოების თანამშრომლების მუდმივ და ინტენსიურ შრომას კლიენტების მოზიდვის, ხარისხის გაუმჯობესების და საწარმოო ხარჯების შემცირების მიმართულებით.

“ექსპორტი ჯერ ჩვენი რეგიონით დაიწყო – აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ამას ევროპის ქვეყნები დაემატა: ჰოლანდია, იტალია, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი. ბოლოს კი ჯერი ამერიკის ბაზარზე მიდგა, რომელიც საერთაშორისო ბაზრებს შორის ყველაზე დიდია, ნაკლებად ფრაგმენტული და, ამავდროულად, მკაცრ ნორმებს უყენებს მწარმოებლებს”, – ამბობენ კომპანიაში.

უნაკერო მილი გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის. ეს ყველაზე მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქტია, რომელიც კი ექსპორტზე მასიურად გასულა ჩვენი ქვეყნიდან.