PSP საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება ”სტივი ევორდსის” გამარჯვებულია

თბილისი (BPI) – პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული კომპანია ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოების ”სტივი ევორდსის” გამარჯვებული ხდება. ქართულმა PSP ჯგუფმა  ”სტივი ევორდსზე” ნომინაცია ”წლის საუკეთესო რებრენდიგი” გაიმარჯვა.

“მანამდე არც ერთ ქართულ კომპანიას, ქართულ ორგანიზაციას არ გაუმარჯვია ამ დაჯილდოებაში. ამიტომ არამარტო ჩვენს თანამშრომლებს ვულოცავ ამ წარმატებას, არამედ ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ქვეყანას”, – განაცხადა PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა.

“PSP ჯგუფის” გენერალური დირექტორი გოჩა გოგილაშვილი ამბობს, რომ PSP-მ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ასახელა, რამდენადაც PSP იგივე პრიზის მფლობელი გახდა, რომელსაც ფლობდნენ ცნობილი მსხვილი კომპანიები, მათ შორის Apple, Samsung, Word და სხვა მსოფლიოში აღიარებული კომპანია.

დაჯილდოებაზე წელს 60 ქვეყნის 4000 კომპანია იყო წარდგენილი და მათ 200-კაციანი ჟიური სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებდა.

”ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული დაჯილდოება ბიზნესის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ რებრენდინგი, შევცვალეთ ჩვენი აფთიაქები და როგორც აღმოჩნდა, ამ ცვლილებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რებრენდინგი წარგვედგინა ყველაზე დიდ დაჯილდოებაზე ”სტივი ევორდსზე”. დაჯილდოების ფარგლებში შემოწმდა PSP-ს სხვადასხვა დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი საუკეთესო ბევრი კომპანიიდან, რომელიც გახდა ვერცხლის გრან პრის მფლობელი. ჩვენს გვერდით არიან კომპანიები ნიუ-იორკიდან, დუბაიდან, სამხრეთ კორეადან, პოლონეთიდან”, – განაცხადა თორნიკე გურულმა.

გოგილაშვილი ამბობს, რომ PSP 23 წლის კომპანიაა და ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს.

“ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნებიც და შესაბამისად დავიწყეთ აფთიაქების შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის განახლება. რებრენდიგისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად შევქმენით ახალი კონცეფცია, რომლის სახელიცაა ”უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი”, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

გოგილაშვილი ამბობს, რომ რებრენდინგი წარმატებული გამოდგა.  პირველი აფთიაქის რებრენდიგი გასულ წელს განხორციელდა, ამ ეტაპზე რებრენდირებულია 60 აფთიაქი, სულ კი ჯგუფში ქვეყნის მასშტაბით 200 აფთიაქია. რებრენდინგი დაახლოებით წელიწადნახევარში დასრულდება.

გამარჯვების შემდეგ, მთავარი ღონისძიება ჩატარდება ბარსელონაში, 21 ოქტომბერს, სადაც ჯილდო PSP ჯგუფს ოფიციალურად გადაეცემა.