პროფესიული განათლების გამარჯვებული სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტი გახდა

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი გაიმართა. პროექტის ფარგლებში 8 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულებს შორის მთავარი პრიზი წლის პროფესიული განათლების სტუდენტს ნიკოლოზ წულუკიძეს ხვდა წილად.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროგრამის პროფესიული სტუდენტი – ნიკოლოზ წიკლაური 2016 წლიდან დღემდე ჩარიცხულია კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსით, რადგან იგი  დაბადებიდან უსინათლოა. პროგრამით გათვალისწინებული მოდულების მაღალ დონეზე ათვისების შედეგად ფლობს HTML Fundamentals Course (SOLOLEARN) და JavaScript Tutorial Course საერთაშორისო სერთიფიკატებს. ნიკოლოზმა წარმატებით გაიარა კოლეჯში პარტნიორი, ტალინის პოლიტექნიკური კოლეჯის მედია დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული ტრენინგი „Web Animation & JavaScript“.

ნიკოლოზი არის ინიციატივიანი პროფესიული სტუდენტი. იგი მუშაობს თვით-განვითარებაზე და სწავლობს სხვადასხვა საერთაშორისო ფასიან თუ უფასო ონლაინ სასწავლო კურსებზე. აქედან გამომდინარე ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს. ამ ეტაპზე მუშაობს პროგრამაზე, რომელსაც ქვია „ადაპტირებული ფოტოშოპი“. მისი შემუშავებული ალგორითმი საშუალებას მისცემს უსინათლო ადამიანს შექმნას საკუთარი ვირტუალური გარემო ან გრაფიკულად წარმოადგინოს სხვადასხვა ობიექტები.

2015 წელს, FLEX-ის გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლით, სადაც მან დიდი გამოცდილება შეიძინა, ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა და ჩართულიყო სხვადასხვა პროგრამების გაუმჯობესებაზე მიმართულ პროექტებში მაგ. Google translate. ასევე გაიარა MIUSA-ს ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში შშმ პირებისათვის შემუშავებული სპეციალური კანონების გაცნობა, როგორიცაა ADA (Americans with Disabilities Act) და სხვა. გარდა ამისა, ნიკოლოზს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსში და არის არაერთ გზის გამარჯვებული.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება.

დაჯილდოება „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში ჩატარდა. იგი წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.