President Wilson-ი – სასტუმრო ყველაზე ძვირადღირებული სამეფო ლუქსის ნომრით

თბილისი (BPI) – შვეიცარია გამოირჩევა არამხოლოდ საიმედო ბანკების სიმრავლით და უგემრიელესი შოკოლადით, ასევე მას შეუძლია თავისუფლად „იტრაბახოს“ დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრებითაც.

როგორც Travel+Leisure იტყობინება, სასტუმრო President Wilson-ის პენტჰაუსში, სამეფო ლუქსის ღირებულება 80 ათასი დოლარია. President Wilson-ი ჟენევაშია. გარდა ფასისა სასტუმროს ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ლუქს სასტუმრო ნომრებიც აქვს.

ლუქს სასტუმრო ნომრის მთავარი ღირებულებაა ტერასა, რომლიდანაც ჟენევის ტბის ულამაზესი ხედები იშლება, სადაც ასევე არის ტელესკოპი, საიდანაც ქალაქის ხედებისა და ცაზე ვარსკვლავების განლაგების ხილვაა შეიძლება.

ნომერში შესაძლებელია 12 სტუმრის მიღება, სადაც თითოეულს საკუთარი საძინებელი ექნება. სააბაზანო ოთახში Hermès-ის პროდუქტებია, ჯაკუზიდან კი ტბის ულამაზესი ხედები იშლება. იმის გამო, რომ ლუქსში მაღალი რანგის სტუმრები ჩერდებიან, ნომერი აღჭურვილია ტყვია გაუმტარი მინებით, საკუთარი ლიფტით, სიგნალიზაციის რამდენიმე საავარიო ღილაკით და მკაცრად დაცული სეიფით.

ლუქსის სტუმარს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს პერსონალური სავარჯიშო ოთახით და საკუთარი კინოთეატრით, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორის ეკრანია დამონტაჟებული.