პრემიერი: სივრცითი განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს

თბილისი (BPI) – პრემიერი მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აანონსებს.

“ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური გეგმა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით არის გაზრდილი, მაგრამ მომავალი წლიდან გაცილებით უფრო დიდ მასშტაბზე გასვლა იგეგმება.

“ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, დღეს უკვე მომზადების ეტაპზეა. 2018 წლის მეორე კვარტლიდან სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის ნამდვილად რეალობა, რომელსაც ვგეგმავთ.

ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება და ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას. ეს არ არის ერთი სამინისტროს საკითხი, აქ აუცილებელია მთელი გუნდის ძალიან კოორდინირებული მუშაობა და ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამისთვის აბსოლუტურად მზად არის”, – განაცხადა პრემიერმა.