Pobeda თბილისსა და სტამბოლში ფრენებზე უარის თქმის გამო საავიაციო ხელისუფლებას უჩივის

თბილისი (BPI) – რუსულმა „ლოუკოსტერმა“ Pobeda-მ პირველად რუსული ავიაციის ისტორიაში ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსაერონავიგაციას“ უჩივლა. მიზეზი ამ უწყებების მიერ ავიაკომპანიისთვის საერთაშორისო რეისებზე უარის თქმა გახდა.

როგორც რუსული მედია წერს, სარჩელის რეალური მიზეზი რეგიონებიდან საქართველოსა და თურქეთის მიმართულების ფრენებზე უარის თქმა გახდა.

გასულ ზაფხულს Pobeda-მ შეიტანა განაცხადი მახაჩკალა-სტამბოლი-მახაჩკალას და კრასნოდარი-თბილისი-კრასნოდარის მიმართულებაზე კვირაში 4 სიხშირეზე, თუმცა უარი მიიღო. იმავდროულად ავიაკომპანიამ უარი მიიღო მოსკოვიდან მილანის, რომისა და ბარის მიმართულებით ფრენებზეც.

Pobeda-ს სარჩელში აღნიშნულია, რომ მითითებული საერთაშორისო მიმართულებები თავისუფალია და არც ერთი ავიაკომპანია ამ მიმართულებებზე რეისებს არ ასრულებს. შესაბამისად „როსაერონავიგაციას“ უარის თქმის მიზეზი არ ჰქონდა.

Pobeda სასამართლოს სთხოვს ბათილად სცნოს ნავიგაციის გადაწყვეტილება სტამბულისა და თბილისის მიმართულებაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოში პირველი სარჩელის მოსმენა 29 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. მეორე სარჩელი ჯერჯერობით წარმოებაში მიღებული არ არის.