პარლამენტის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში სხდომების გამართვას ხელს არ შეუშლის

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუთაისში პარლამენტის სხდომების გამართვას ხელს არ შეუშლის.

“რეაბილიტაციას კავშირი არ ექნება, საპარლამენტო სხდომების გამართვასთან, ეს იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ ისედაც, მომავალი წლის ბოლომდე, რომც გვინდოდეს, ვერანაირად ვერ ჩავატარებთ სხდომებს თბილისის პარლამენტის სასახლეში, თუმცა უფრო ხანგრძლივი ვადითაც ვგეგმავთ ქუთაისში დარჩენას. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ საზოგადოების წინაშე.

თქვენ იცით რა მდგომარეობაა ქუთაისში. მოსაწესრიგებელია შენობა, მიმდებარე ტერიტორია და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია საჭიროებს შესაბამისი სამუშაოები დაგეგმვას. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი და გარდა ამისა, უკვე განვაცხადეთ, რომ გვინდა ერთგვარი საჩუქარი გავუკეთოთ ქუთაისის მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ მიმდებარე ტერიტორია მოემსახურება, ბუნებრივია, უშუალოდ პარლამენტს, აქ უნდა შეიქმნას პარკი, რომლითაც ისარგებლებს ქუთაისის მოსახლეობა და ამისათვის დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსნებთ, რომ მმართველმა გუნდმა ქუთაისის პარლამენტის შენობის რეაბილიტაციაზე რამდენიმე დღის წინ დაანონსა. პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის სახურავი, შუშის კონსტრუქცია, ასევე, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

“გადახურვა ატარებს წყალს, შესაბამისად, რეაბილიტაცია არის ჩასატარებელი პოლიმერის საფარით. ასევე მიზანშეწონილია მთლიანად შუშის კონსტრუქციის შეცვლა. შუშის კონსტრუქცია ატარებს წყალს და არსებული კონსტრუქციის პირობებში ვერ ვარეგულირებთ ტემპერატურას. ასევე რეაბილიტაციას საჭიროებს შენობის მიმდებარე ტერიტორია. მათ შორის, მოსაწყობია ავტოსადგომი და შესასვლელის მოპირკეთება. შეგვიძლია ამ ტერიტორიის გამწვანება.”