ნასას პროგრამების დირექტორი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი შონ ფულერი ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

შონ ფულერმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ნასაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები  გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებზე.  ღონისძიების დასასრულს  მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებსა და შონ ფულერს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს.

ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორმა შონ ფულერმა განაცხადა, რომ ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარება.

“მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტის საშუალება რომ მომეცა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის გამარჯვებულებს ვხვდები და მათ ნამუშევრებს ვეცნობი. ასევე დაგეგმილი მაქვს სანდიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაც. ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარება და ხელშეწყობა”.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძეს განმარტებით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ყოველწლიურად, საქართველოში უკვე მე-3-ედ იმართება. “მისი მიზანია ხელი შევუწყოთ მაღალი კლასის მოსწავლეების ინოვაციური და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას”.

ფულერის ვიზიტი ორგანიზებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დისციპლინების მიმართ ინტერესის წახალისებას.