მუსტაფაევი: გვსურს, აზერბაიჯანში უფრო მეტი ქართული კომპანია საქმიანობდეს

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ ოფიციალურ დელეგაციას ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო.

როგორც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა ქართველ კოლეგასთან გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთთანამაშრომლობას ინვესტიციების სფეროში.

„ჩვენი კომპანიები არიან მსხვილი ინვესტორები საქართველოში და გვსურს, რომ აზერბაიჯანშიც უფრო მეტი ქართული კომპანია საქმიანობდეს, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, ჩვენ ქართულ დელეგაციას გავაცანით აზერბაიჯანის საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს და მოიზიდოს ქართველი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების დღეს არსებული დონე ძალიან მაღალია. „მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია თითქმის ორმოცდაათი პროცენტით, რაც ძალიან სასიხარულოა. ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს, რომლითაც სამომავლოდ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის კიდევ გაზრდაა შესაძლებელი“, – განაცხადა მუსტაფაევმა.