ცვლილებების ახალი ტალღა – რომელი სამინისტრო რჩება და ვინ ინარჩუნებს მინისტრის პორტფელს

თბილისი (BPI) – მთავრობა ცვლილებების ახალ ტალღას იწყებს. პრემიერმინისტრმა სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიაში განაცხადა. მისი თქმით, სტრუქტურულ-ფუნციური ცვლილებები ემსახურება მეტ პროგრესს, მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას.

პრემიერის თქმით, იგეგმება მთავრობის სტრუქტურული ცვლილება და საკადრო გადაადგილებები. ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებული უწყების ხელმძღვანლად კვირიკაშილმა დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს ინარჩუნებს და ის კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას..

“ეკონომიკის სწრაფი განვითარება კიდევ უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შემუსავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ უწყებების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა ეკონომიკურ შედეგზე ორიენტირებულს და უფრო შედეგიანს გახდის.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გახარია სწორედ მენეჯერული თვისებების გამო არის ამ პოსტზე შერჩეული. დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება”.

შს ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. პრემიერის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. “ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი უწყება, რომელიც პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი თავისი გამოცდილებით ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი იქნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრად ინიშნება “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე. პრემიერის თქმით, მან რკინიგზაში კონკრეტული შედეგები აჩვენა. ”მას აქვს კარგი განათლება და გამოცდილება. ”საქართველოს რკინიგზის” მართვის პირობებში. მოხდა ”საქართველოს რკინიგზის” ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში. დაიწყო ყურის ქვეყნებსა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე აქტიური მუშაობა, დაინერგა თანამედროვე მართვის სისტემები და ახალი თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. აღნიშნა, რომ მიხეილ ჩხენკელი პროფესიით მათემატიკოსია. მან აშშ-ში დაამთავრა პენსილვანიის უნივერისტეტის დოქტორანტურა და 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, კითხულობს ლექციებს აშშ-ში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ უნივერსიტეტთან.

მთავრობის გადაწყვეტილებით უქმდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება, ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი კი – განათლებას. მას უხელმძღვანელებს მიხეილ გიორგაძე.

“ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება ერთი მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუწევს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან. რაც შეეხება სპორტის კომპონენტს, მისი ინტეგრაცია კულტურასთან, თანაბარ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს ეფექტურ მართვას”, – ამბობს პრემიერი.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნობის სამინისტრო და მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

„ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში: ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში რომელიმე მათგანის შესუსტებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.

საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სუს-ისთვის საგარეო დაზვერვის შეერთებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს წარედგინება. “ამ სფეროში უკვე განვახორციელეთ  ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.