მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტი ქუვეითშია, საუკეთესო სინგაპურში

თბილისი (BPI) – კომპანია AirHelp-მა, რომელიც დაგვანებულ რეისებზე მგზავრების კომპენსაციის საკითხებს აგვარებს, გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვისას 76 საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეფასდა. კითხვარის შედგენისას კი გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები როგორებიცაა უსაფრთხოების მაჩვენებელი, ტერმინალის გავლისას კომფორტის დონე და მარტივი რეგისტრაციის შესაძლებლობები.

კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტი ქუვეითში მდებარეობს. ანტირეიტინგში მეორე ადგილზეა ლონდონის გატვიკის აეროპორტი. ყველაზე ცუდი აეროპორტების რეიტინგში მესამე ადგილზე კი მანჩესტერის აეროპორტია, მეოთხეზე – აშშ-ს ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ნიუარკ ლიბერთის (Newark Liberty International Airport) აეროპორტი.

ანტირეიტინგის „საპატიო ხუთეულს“ კი ედინბურგის აეროპორტი აგვირგვინებს.

საუკეთესო აეროპორტების რეიტინგში კი სინგაპურის ჩანგის აეროპორტი ლიდერობს. ამ აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებულია ყველაფერი რაც კი მგზავრის კომფორტისათვისაა საჭირო, მათ შორის პეპლების პარკი, კინოთეატრი, საცურაო ავზი, უზარმაზარი ბაღები და მათ შორის ხელოვნური ჩანჩქერიც კი. ამავე აეროპორტში 2019 წლისთვის ხუთსართულიანი ბაღის მშენებლობა იგეგმება ხელოვნური ღრუბლებით და ასევე „ხელოვნური“ ცხოველებითა და ყვავილებით.

ყველაზე საუკეთესოების რეიტინგში მეორე ადგილზე მიუნხენის აეროპორტია. „კარგებში“ მესამე პოზიციას კი ჰონკონგის აეროპორტი ამყარებს.