Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, 7 წლის შემდეგ პირველად გააუმჯობესა. რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაიზარდა, პროგნოზით “სტაბილური”.

ფინანსთა მინისტრის თქმით, Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა და ეს არის პირველი გაუმჯობესება 2010 წლის შემდეგ.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის, Moody’s-ის რეიტინგი Ba2 ყველაზე მაღალი პოზიციაა, რომელიც საქართველოს სხვა საერთაშორისო რეიტინგებში უკავია.

დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ სარეიტინგო კომპანია Moody’s-ი ამ გადაწყვეტილებით ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს. იქვე მიათითებს, რომ კომპანიის მიერ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ერთი საფეხურით გაუმჯობესების მიზეზი 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული შოკის წარმატებულად დაძლევაა.

Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იმყოფებოდა.

„სარეიტინგო კომპანია, ასევე, ხაზს უსვამს ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს – ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ადასტურებს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივას,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სარეიტინგო სააგენტო კვლავ ელის ეკონომიკისა და შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერებას და დადებითად აფასებს ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ მიმართულ მიმდინარე ღონისძიებებს.