მინისტრი: ხაზინიდან ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუშინ, პარლამენტის სესიაზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. მინისტრი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სპეკულაციად აფასებს.

მინისტრმა სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების საკითხზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია.

„პარლამენტის სხდომა გუშინ დაიწყო სპეკულაციით, თუმცა სხვა მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია – ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმავე მოცულობის თანხით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობაზე.

„მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია, ზოგადად, ლარიზაციისათვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ ახალი ლიკვიდური ინსტრუმენტის გაჩენით და ლარის მასის მიწოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა მოხვდეს ჩვენს მოსახლეობასთან, კონკრეტულად იმ კომპანიებთან, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში ესაჭიროებათ სესხი, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საგადასახდელო ბალანსის კუთხით. „ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად უცხოური ვალუტის შემოდინება 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, 15-20 აგვისტოს პერიოდიდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას და რომელმაც უკვე გადაიარა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.