მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 20 000-ზე მეტი ბიზნესიდეა დარეგისტრირდა

თბილისი (BPI) – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში 20 000-ზე მეტი ბიზნესიდეა დაარეგისტრირეს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, ეს რაოდენობა პროგრამისადმი ინტერესს ადასტურებს.

საქართველოს რეგიონებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესული განაცხადების გადარჩევა. პროგრამის კომისია საბოლოო შედეგებს 25 ივნისისთვის დაასრულებს და კოორდინატორები შეატყობინებენ განმცხადებლებს. შემდგომ ეტაპამდე კი გამარჯვებული ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ზოგადი ტრენინგი მეწარმეობისა და კერძოდ ბიზნესგეგმის წერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაემატა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.

2017 წლის ივნისის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების სახით გაცემულია  22 942 704 ლარი.