მამუკა ბახტაძე: მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდა და ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელებასა და გამარტივებაზე მზაობა გამოთქვა.

მინისტრის თქმით, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები, მათ შორის, საბაჟო მიმართულებით, გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირ დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი საქმიანობის სტიმულირებისთვის, რადგან ბიზნესს ექნება დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები და შევთანხმდით, რომ ურთიერთობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.