მაღალი სარგებლის დაპირებით საფინანსო ორგანიზაცია მოსახლეობას ვეღარ შეაცდენს

თბილისი (BPI) –  საფინანსო ორგანიზაცია მოსახლეობას ვეღარ შეაცდენს, სარისკო აქტივებში ფულის დასაბანდებლად მაღალი სარგებლის მიღების დაპირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებები წლიური ანგარიშით პარლამენტში გამოსვლისას დაანონსა. კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ   კანონმდებლებს პროექტს მალე წარუდგენს.

სებ-ის შესახებ კანონის 48-ე  უმოქმედო მუხლის ნაცვლად შემოდის ახალი ნორმა, რომელიც არაკეთილსინდისიერი და საეჭვო კომპანიების საქმიანობას შეზღუდავს. საფინანსო, საბროკერო, მსგავსი შინაარსის ტერმინებს არასაბანკო  სუბიექტი სარეკლამო კამპანიაში ვეღარ გამოიყენებს.

სებ-ის პრეზიდენტს „საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს“ 2 000 დაზარალებულის ბედზეც ჰკითხეს და კანონპროექტის ქმედუნარიანობის პერსპექტივებზე, რამდენად  შეძლებს მსგავსი ფაქტების პრევენციას. კობა გვენეტაძის თქმით, აგრესიული სარეკლამო კამპანიის შეზღუდვა და ამასთან სებ-ის საინფორმაციო  შემეცნებითი კამპანია   საუკეთესო შედეგზეა გათვლილი.