ლევან დავითაშვილი: მოსახლეობის მოთხოვნას კარტოფილზე ქართული წარმოება აკმაყოფილებს

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ წელს კარტოფილის მოსავალი მაღალხარისხიანია. ლევან დავითაშვილი ახალქალაქში ადგილობრივ ფერმერებთან ერთად კარტოფილის მოსავლის დაბინავების პროცესს დაესწრო.

„ჯავახეთის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია კარტოფილის წარმოების თვალსაზრისით. ეს საქართველოში სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურაა და ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში პროგრესიც გვაქვს. წელს, დაახლოებით, 250 ათასი ტონის წარმოების ნიშნულზე გავედით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას მთლიანად ქართული წარმოება აკმაყოფილებს, რითაც იმპორტზე დამოკიდებულება შემცირებულია და თვითუზრუნველყოფა ფაქტობრივად 100%-იანი გვაქვს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება და ოდენობის ზრდა დამოკიდებულია, როგორც რეგიონში არსებულ სასურველ კლიმატსა და ნიადაგზე, ასევე სამინისტროს მიერ გახორციელებულ ღონისძიებებზეც.

„მოსავლის ზრდა, რამდენიმე წლიანი დაუღალავი თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთის მხრივ ფერმერებთან მივიტანეთ ცოდნა თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენების კუთხით და შესაბამისად მათ გაზარდეს პროდუქტიულობა. იმისთვის რომ საჰექტრო მოსავალი იყოს კარგი და ხარისხი მაღალი მნიშვნელოვანია, რომ სათესლე მასალა იყოს სანდო და ამ კუთხითაც დავიწყეთ მუშაობა. რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნება სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ ჩვენ უკვე მივიღეთ და დავიწყეთ ნებაყოფლობითი სერტიფიცირება რამდენიმე ფერმერული მეურნეობის. ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.